რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების: ახაშენის, ზეგაანისა და მუკუზანის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობას იწყებს.
შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია შპს „კომფორტმშენ XXI“-ის დირექტორმა ლაშა კიტიამ.
პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 17 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება.
სამშენებლო სამუშაოები პროექტირების დასრულებისთანავე დაიწყება. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპის სამუშაოები სათავე ნაგებობის, სატუმბი სადგურისა და მაგისტრალური მილების მოწყობას ითვალისწინებს. დამატებით მოეწყობა ველისციხის ქსელი. გარდა ამისა, რეაბილიტირდება არსებული რეზერვუარი. მეორე ეტაპის ფარგლებში სრულად გაიმართება სოფლებში არსებული წყალმომარაგების ქსელი.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახაშენის, ზეგაანისა და მუკუზანის მოსახლეობა 24-საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.