ორ კვირაში ბაზარზე დიაბეტური ნაყინი გამოჩნდება. ახალი პროდუქტის წარმოებას „გურჯაანის ნაყინის“ მწარმოებელ კომპანიას იწყებს. როგორც „კომერსანტს“ შპს „აისი-გურჯაანის ნაყინის“ გენერალური დირექტორმა გურამ ბერიკაშვილმა განუცხადა კომპანიაში ჭურჭელს ელოდებიან სადაც ნაყინს ჩამოასხამენ. მისი თქმით პროცესს დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება, რის შემდეგაც ქართველ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება „გურჯაანის ნაყინი“ შეიძინონ.
„ორ კვირაში დიაბეტური ნაყინის წარმოებას დავიწყებთ. დოკუმენტები ყველაფერი გამზადებული გვაქვს, ახლა ველოდებით ჭურჭელს, რომელშიც ჩამოვასხამთ. დაახლოებით 100 გრამი იქნება, ფასი ჯერ არ შეგვიმუშავებია, თუმცა გეტყვით რომ მაღალი ფასი არ ექნება, რადგან მომხმარებელი უკმაყოფილო არ დარჩეს“, - აცხადებს გურამ ბერიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 50 წელზე მეტი გავიდა რაც გურჯაანის ნაყინი პირველად ჩამოისხა ჭიქებში. კომპანია დღეს უკვე 30 დასახელების სხვადასხვა ნაყინს აწარმოებს.საწარმოში 130-მდე ადამიანია დასაქმებული. პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე, დატვირთული პერიოდი ცივი ნაყინისთვის ცხელი ზაფხულია. სეზონზე კომპანია 10-12 მლნ. ლარის ბრუნვას აწარმოებს.
ბაჩო ადამია