ნამოხვანელი აქტივისტების ინფორმაციით, სოფელ გუმათთან ახლოს მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები. ამავე ადგილას, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები და მათი მხარდაჭერებები 12 საათზე საპროტესტო შეკრებას გამართავენ.
აქტივისტები მოითხოვენ, რომ სოფელ გუმათთან პოლიციის მიერ გადაკეტილი გზა გაიხსნას მათთვის, ვისაც სურს ნამოხვანში ჩავიდეს და შეუერთდეს პროტესტს, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ . უკვე მეორე დღეა, რაც პოლიციას გუმათჰესთან გადაკეტილი აქვს გზა.
საპროტესტო მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ წყლის ჭავლის მანქანები დგას სოფელ გუმათთან დაახლოებით 150 მეტრში:
„..დიდი რაოდენობის წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმია მობილიზებული იმისთვის, რომ დაგარბიონ და დუბინკა მოგიქნიონ – აი ამისთვისაა ყველა მომართული. ჩვენ ახლა ვეცდებით, რომ უბრალოდ განგვიმარტონ რა კანონის საფუძველზე უნდა აგვიკრძალონ გადაადგილება მშვიდობიან პროტესტანტებს“, – ამბობს გოლეთიანი.
ერთ-ერთი აქტივისტი, კახა ასათიანი Fაცებოოკ-პოსტში წერს:
„..ხეობა კვლავ ბლოკირებულია, მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 12 საათზე მშვიდობიანი აქცია გაიმართება“, – აღნიშნავს კახა ასათიანი.
„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება კომენტარს მობილიზებულ სპეცტექნიკასთან დაკავშირებით. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
Publika.ge