გუდაურში სასტუმრო-რესტორნების ნაწილი უკვე დაიხურა და კურორტს დამსვენებლები ტოვებენ. სასტუმრო-რესტორნების ნაწილი დაკეტილია ბაკურიანშიც. შეწყვეტილია ყველა საბაგიროს მუშაობა.
სასტუმროების მეპატრონეები პრევენციულ ზომებს დადებითად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ ვირუსის მასშტაბურად გავრცელების გამო ტურისტთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზამთრის კურორტები დროზე ადრე მთავრობის გადაწყვეტილებით დაიხურა. ეს მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც გუდაურში მყოფი ჩეხი ტურისტების გუნდიდან ორს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კორონავირუსი აღმოაჩნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
imedinews.ge