ორგანიზაციამ Greenpeace Deutschland და 20 წლის აქტივისტმა კლარა მეიერმა კომპანია Volkswagen-ს სასამართლოში უჩივლეს. როგორც Reuters-ი წერს, მომჩივან მხარეს მიაჩნია რომ გერმანული ავტოგიგანტი არასაკმარის ძალისხმევას იჩენს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში. სარჩელის მიზეზი გახდა Volkswagen-ისთვის წაყენებული მკაცრი ეკოლოგიური მოთხოვნები, რომელიც კომპანიამ სრულად უარყო.
Greenpeace-ის და მეიერის მიერ წაყენებულ მოთხოვნებს შორის იყო 2030 წლისთვის კომპანიის მიერ შიგაწვისძრავების წარმოებაზე სრული უარი და 2030 წლისთვის ატმოსფეროში დიოქსიდის გაფრქვევის 65%-ით შემცირება 2018 წლის დონესთან შედარებით.
Volkswagen-მა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ არ აპირებს ამ მოთხოვნების შესრულებას. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ის მომხრეა კლიმატის დაცვის და სატრანსპორტო საშუალებების დეკარბონზიაციის, თუმცა „ამას მარტო არ აპირებს“. „გარდა ამისა, მსგავსი ზომების დანერგვა არის ხელისუფლების პრეროგატივა და სამოქალაქო სარჩელებით კონკრეტული კომპანიების მისამართით პრობლემა ვერ გადაწყდება“, - დასძინა მან.
ცნობისთვის, Volkswagen მომდევნო 9 წელიწადში ელექტრომობილების განვითარებაში 110 მილიარდი დოლარის ჩადებას აპირებს. ეს არის მაქსიმალური მოცულობა ამ სექტორში, მეორე ადგილზეა ჩინური SAIC 100 მილიარდის ინვესტიციით. ჯამში კი მსოფლიო ავტოწარმოება 2030 წლამდე გეგმავს 515 მილიარდი დოლარის დახარჯვას „მწვანე“ ტრანსპორტის მიმართულებით.
bpn.ge