კომპანია „გრანთ თორნთონი“ 2019 წელს მნიშვნელოვანი სიახლით ასრულებს. 20 დეკემბერს ბათუმში კომპანიის ახალი ფილიალი გაიხსნა. „გრანთ თორნთონი“ საქართველოს ბაზარზე 2005 წლიდან ფუნქციონირებს. დაარსების შემდეგ კომპანია მნიშვნელოვნად გაიზარდა და შეიცვალა, 5 თანამშრომლით დაწყებულ საქმიანობას დღეს უკვე თბილისის ოფისში 60 თანამშრომელი აგრძელებს, მომავალი წლიდან კი ამ რიცხვს ბათუმის ოფისის კიდევ 5 თანამშრომელი დაემატება.
„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ახალი ოფისის ღუზა ბათუმში ჩავუშვით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ეკონომიკურად ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ რეგიონში! ჩვენ უკვე გვყავს რამდენიმე კლიენტი რეგიონში და დარწმუნებული ვარ, ინვესტორებისთვის, მსხვილი აუდიტორული ქსელის, „გრანთ თორნთონის“ წევრი კომპანიის აჭარის რეგიონში ყოფნა, ნამდვილად იქნება კარგი სიგნალი და კიდევ ერთი მიზეზი, რატომ უნდა განახორციელონ აჭარაში ინვესტიციები. ჩვენი საქმიანობა მხოლოდ კომერციული მიზნით არ შემოიფარგლება, ბათუმში დაგეგმილია სხვადასხვა ტრეინინგების და სემინარების ჩატარება ბიზნესისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე. ოფისში დასაქმებული იქნებიან ადგილობრივი კადრები, მართვა და ხარისხის კონტროლი კი თბილისიდან ცენტრალიზებულად მოხდება“, - ამბობს „გრანთ თორნთონის“ მმართველი პარტნიორი ვახტანგ ცაბაძე.
ვახტანგ ცაბაძის თქმით, ფირმას საქართველოს ბაზარზე კიდევ ერთი წარმატებული წელი ჰქონდა და განაგრძობს აქტიურ ინვესტირებას ახალი მომსახურებებისა და პრობლემების გადაჭრის გზების განვითარებაში, კლიენტებისათვის განსაკუთრებული გამოცდილების შექმნაში, რათა დაეხმარონ დინამიკურ კლიენტებს მათი სტრატეგიული მიზნების მიღწევაში.
კომპანიის გუნდის წევრები, პარტნიორთა ხელმძღვანელობით, მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ საჯარო, თუ კერძო კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და დაეხმარონ მათ პრობლემების გადაწყვეტაში.
„ჩვენი ოფისის გახსნა საქართველოში იყო მენეჯმენტის სტრატეგიული გადაწყვეტილება. გარდა ფინანსური ინტერესისა, გვაქვს სოციალური ინტერესი, რაც გულისხმობს რეგიონში სხვადასხვა მიმართულებების განვითარებას, კერძოდ საბუღალტრო, იურიდიული, საგადასახადო და სხვა კუთხით“, - განაცხადა „გრანთ თორნთონის“ პარტნიორმა პაატა შურღაიამ.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ტიტე აროშიძის თქმით, აჭარაში „გრანთ თორნთონის“ ოფისის გახსნა, გაზრდის რეგიონის ცნობადობას და მოტივატორი იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების.
„აუდიტორულ ბაზარზე შემოდის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე, მსოფლიოში ცნობილი კომპანია „გრანთ თორნთონი“, რომელიც ოფისს აჭარაში ხსნის. ეს რა თქმა უნდა თავის მხრივ გაზრდის ცნობადობას რეგიონის მიმართ, ასევე ეს იქნება მოტივატორი ბიზნესის კეთების და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების მხრივ. სწორედ „გრანთ თორნთონის“ მსგავსი კომპანიების შემოსვლა განაპირობებს ბიზნესის წარმატებას და მთლიანად რეგიონის ცნობადობის ამაღლებას,“ - განმარტავს ტიტე აროშიძე.
„გრანთ თორნთონი“ აღნიშნავს ბრენდს, რომლის სახელითაც კომპანიის წევრი ფირმები თავიანთ კლიენტებს აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებებს უწევენ. კომპანიის ინფორმაციით, 53 ათასამდე თანამშრომელი, 140-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული კლიენტების, კოლეგებისა და საზოგადოებისათვის.
„აღსანიშნავია, რომ გრანთ თორნთონი არის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის და ძალიან მაღალი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაცია, რომლის შემოსვლაც აჭარის რეგიონში ბიძგს მისცემს ეკონომიკურ განვითარებას და ახალი სერვისების დანერგვას. ძალიან ბევრი კომერციული ორგანიზაცია მოიხმარს იმ სერვისებს რომელსაც „გრანთ თორნთონი“ გვთავაზობს“ - აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ნიკა ჩხარტიშვილი.
„ჩვენ ასევე სიამაყით ვაცხადებთ, რომ ჩვენ ფირმას საქართველოს ბაზარზე კიდევ ერთი წარმატებული წელი ჰქონდა, და განვაგრძობთ აქტიურ ინვესტირებას ახალი მომსახურებებისა და პრობლემების გადაჭრის გზების განვითარებაში, კლიენტებისათვის განსაკუთრებული გამოცდილების შექმნაში, რათა დავეხმაროთ ჩვენს დინამიკურ კლიენტებს მათი სტრატეგიული მიზნების მიღწევაში“, აღნიშნავს ვახტანგ ცაბაძე.
(R)