რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონის“ პარტნიორმა პაატა შურღაიამ აუდიტორული ბაზარი მიმოიხილა და „გრანთ თორნთონის“ სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, განსაკუთრებით აქტუალური ხდება პირველი ოქტომბერი,როდესაც ანგარიშგების საჭიროება დგას და მეორე პერიოდი, უკვე წლის ბოლო. როგორც შურღაია განმარტავს, ამ წლების განმავლობაში უნდა ითქვას,რომ ბაზარზე ზრდა და ცვლილებები ძირითადად აუთსორსინგის მიმართულებით მოხდა, ვიდრე ფინანსური აუდიტის კუთხით. „ ჩვენი კომპანია მყარად არის წარმოდგენილი,როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით. ბაზარი იზრდება და სხვა აუდიტორულ კომპანიებსაც აქვთ შესაძლებლობა გაიზარდონ ჩვენთან ერთად.
ჩვენს ქსელში ყოველწლიური შეკრება-შეფასება შემოდგომით ხდება, ამ შეკრებაზე ვგეგმავთ მომავალი წლის გეგმებს და ვაფასებთ არსებულ გამოწვევებს. გასულ კვირას გვქონდა წლის კონფერენცია,სადაც მმართველი პარტნიორები ლონდონში შეიკრიბნენ, მათ შორის იყო ჩვენი მმართველი პარტნიორიც. ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გამოწვევა ამ ეტაპისთვის სწორედ ტექნოლოგიურ სიახლეებს უკავშირდება. ჩვენი დაინტერესებაც ამ კუთხით დიდია, გვინდა რომ ბევრი ინვესტიცია ჩავდოთ ამაში, რადგან მომავალი ხელოვნური ინტელექტისაა“.
„რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს. ჩვენ სტაბილური ზრდის ტემპებით გამოვირჩევით, ეს ეხება არა მხოლოდ შემოსავლების ბაზარს, არამედ, დასაქმებასაც. ჯერ წელი არ დაგვისრულებია, თუმცა უკვე 10%იანი ზრდა გვაქვს წინა წლებთან შედარებით, ასევე ისტორიული ზრდა გვქონდა ქსელის კუთხითაც, საუბარია 9.5%-ზე. ეს არაა ინერციული ზრდა, რაც შეეხება გლობალურ შემოსავალს, ამ ეტაპისთვის დაანგარიშებულია 5.5 მილიარდი აშშ დოლარი.
საქართველოში ჩვენი საქმიანობის განვითარება სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს დაგეგმილი. მათ შორის, სერვისებისა და ტექნოლოგიების კუთხით, გვექნება სხვადასხვა შემოთავაზებები. ჩვენს გეგმებში გაფართოებაც შედის,ოფისი არამხოლოდ თბილისში, არამედ ბათუმშიც გვინდა რომ გვქონდეს. ამ ამბიციური გეგმის განხორციელება წლის ბოლოსთვის იგეგმება. ზაფხულის პერიოდში ბევრი აქტივობა გვქონდა ბათუმში, ჩვენმა ოფისმა უმასპინძლა რეგიონალურ კონფერენციას და მთავარი მიზანი, ღონისძიების ბათუმში ჩატარებისა იყო სწორედ ის,რომ დაგვეინტერესებინა ჩვენი პარტნიორები ამ ქალაქით და არსებული შესაძლებლობებით.
ფორბსთან თანამშრომლობას კვლავ ვგეგმავთ. გვქონდა წარმოდგენილი მსხვილი კომპანიების შემოსავლები აქტივებისა და წმინდა მოგების კუთხით, ასევე ანალიზი საბანკო სექტორის, აუდიტორული კომპანიების. ჩვენი ბენეფიციარები სწორედ ის ადამიანები არიან,რომლებსაც სურთ მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და დასაქმდნენ წარმატებულ და მომგებიან კომპანიაში. ისინი გაეცნობიან ჩვენს ანგარიშგებას,სადაც წარმოდგენილი იქნება ხელფასების დინამიკა, განვითარების ტენდეციები და ა.შ. აუცილებელია ისეთ კომპანიაში დავსაქმდეთ,რომელიც სტაბილურობით გამოირჩევა და ამის დადგენაში ჩვენ დაგეხმარებით.
საქართველოში ბიზნესის დაწყება მარტივია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,რომ არსებულ ბიუროკრატიასთან კომუნიკაცია კარგი და წარმატებულია. ბიზნესის კეთების კუთხით მე-6 ადგილიდან მე-7-ზე გადავინაცვლეთ. ხშირად ვაკეთებთ პარალელებს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებასთან, თუმცა ჩვენი ამბიცია და ამოცანა უნდა იყოს,რომ ვალდებულებები გადავწიოთ ბოლო ფაზაში ან იმ პერიოდში,როცა მისი განხორციელება არ იქნება მტკინვეული.
ევროკავშირიდან ყველაფრის გადმოღება ცუდი და არაპროფესიონალური გადაწყვეტილებაა. ჩვენი ბიზნეს გარემო, მუშა ხელი, კვალიფიკაცია, ინფრასტრუქტურა სრულიად განსხვავებულია ევროპისგან. ჩვენი საგადასახადო კოდექსი არ პასუხობს ჩვენს ამბიციებს. თუ ჩვენ გვინდა,რომ ინვესტორი მოვიზიდოთ, მაშინ მას სრულიად განსხვავებული გარემო უნდა დავახვედროთ,“- აღნიშნავს პაატა შურღია.
ნათია კეკენაძე