10 სექტემბერს, ქალაქ ბათუმში გრანთ თორნთონ აკადემიამ დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის ნაწილში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ სემინარი ჩაატარა. სემინარს ბიზნეს და საჯარო სექტორში დასაქმებული 50-მდე მონაწილე დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - თორნიკე კუჭავა და აჭარის მცირე და საშუალო ბიზნესმენთა ასოციაციის თავჯდომარე - ასლან ლორთქიფანიძე.
სემინარი გახსნა გრანთ თორნთონის მმართველმა პარტნიორმა ბატონმა ვახტანგ ცაბაძემ. მოსალოდნელი რეგულაციების დეტალურ განხილვას უძღვებოდნენ უფროსი საგადასახადო სპეციალისტი - ნათია ჩაგანავა და საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელი - ქეთევან ღამბაშიძე. სემინარის მნიშვნელოვნებაზე და მიმდინარე ცვლილებებზე ისაუბრა აგრეთვე ბატონმა თორნიკე კუჭავამ.
„2020 წლიდან საგადასახადო კანონმდებლობაში, კერძოდ დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში, დაბეგვრის ახალი რეგულაციების ამოქმედება იგეგმება. აღნიშნული მოსალოდნელი ცვლილებები განპირობებულია ევროკავშირის დირექტივებით, რომლის მიხედვით საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა ევროკავშირში მოქმედ კანონმდებლობას დაუახლოვდება. ამჟამად მოსალოდნელი ცვლილებები კანონპროექტის სახეს ატარებს და მისი გამოქვეყნებისთანავე, გრანთ თორნთონი აქტიურად ჩაერთო სიახლეების შესწავლასა და რეკომენდაციების შემუშავებაში“ - განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში გრანთ თორნთონის მმართველმა პარტნიორმა ბატონმა ვახტანგ ცაბაძემ.
სემინარზე განხილული იქნა ძირითადი საკანონმდებლო ცვლილები და მათი შედარება მოქმედ კანონმდებლობასთან. შეხვედრის ბოლოს სემინარი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომელშიც დამსწრე საზოგადოება აქტიურად იყო ჩართული.
(R)