პირველად საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, ,,გრანელი ჯგუფი“ ქალაქ ყვარელში ცხოველური და სინთეტიკური ტყავის ალტერნატივის, მცენარეული ნედლეულისა და ორგანული ნარჩენის საფუძველზე დამზადებული ვეგანური ტყავის წარმოებისთვის საჭირო ქარხნის მშენებლობას იწყებს. ინოვაციური პროექტის განხორციელებისთვის ჯამური საინვესტიციო თანხა 10 მლნ დოლარს შეადგენს. ,,გრანელი ჯგუფის“ ხელმძღვანელის, ბიზნესმენ ნუგზარ საჯაიას განცხადებით, ორგანული ნარჩენების გამოყენების ამ უახლესი მეთოდით იქმნება სრულად ბიოდეგრადირებადი პროდუქტი, რომლის ანალოგი მსოფლიოში ჯერჯერობით არ არის.
საჯაიას განცხადებით, ეს არის 100%-ით უნარჩენო წარმოება, რითაც სამომავლოდ, ,,გრანელი ჯგუფი“ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კახეთის რეგიონის მწვანე ზონად ჩამოყალიბებაში.
,,ვიწყებთ მასშტაბურ, სრულიად ინოვაციურ პროექტს, მცენარეული ტყავის წარმოებას, რაც დღესდღეობით ორგანული წარმოების მიმართულებით ახალი სიტყვაა. ჩვენი კომპანია ფლობს ღვინის ქარხანას კახეთის რეგიონში. ყურძნის გადამუშავების შემდეგ რჩება ჭაჭა და კლერტი, გარდა ამის, დიდი რაოდენობით გროვდება ბოსტნეულის და ხილის ნარჩენი. ერთია, რაც ბაღებში რჩება და ასევე საკონსერვო, პურის წარმოება და სხვა, რასაც საყოფაცხოვრებო ნარჩენი ემატება. ალბათ, ადრე თუ გვიან, დაიდგმება ურნები ყველა ქალაქსა და სოფელში, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, ეკოლოგიურად სუფთა სტატუსი მიიღონ, შეგროვდეს ორგანული ნარჩენი, რომელიც მთლიანად გადამუშავდება. საბოლოო ნარჩენიც კი მუშავდება, მიღებული პროდუქტი იქნება ძვირადღირებული ტყავი. შარშან შემოწმება გავიარეთ. ამ ეტაპზე ჩვენი პროექტის დაპატენტებას ველოდები, ეს არის წმინდა ქართული იდეა, რომელიც პირადად მე მეკუთვნის, არ არსებობს გამოცდილება, რითაც შეიძლება მესარგებლა. ინვესტიციის მოცულობა განისაზღვრება იმით, რამდენად თანამედროვე დანადგარს შევიძენთ, მაგრამ ეს ტექნიკა რეალობაში ჯერ არ არსებობს. თუმცა არის ერთ-ერთი იტალიური კომპანია, ვინც დაიწყო ლაბორატორიული კვლევა. ამისთვის ევროკავშირმა 730 000 ევრო გამოუყო. პირველადი ფორმულა შექმნეს, საბოლო ფორმულა 7 თვეში გახდება ცნობილი“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ ნუგზარ საჯაია.
მისი თქმით, ,,გრანელი ჯგუფის“ ინოვაციური პროექტის მთავარი მიზანი ისეთი პროდუქტის შექმნაა, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე ზემოქმედების ხარისხს.
,,საწარმოს ამუშავება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საქართველოში სხვადასხვა დარგის განვითარებისთვის. ქარხანა, ყოველწლიურად, რეგიონში არსებული ორგანული ნარჩენების სრულად გადამუშავებას უზრუნველყოფს, რითაც, სამომავლოდ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კახეთის რეგიონის მწვანე ზონად ჩამოყალიბებაში“, - დასძენს ნუგზარ საჯაია ,,კომერსანტთან“.
საბოლოო პროდუქტი - ვეგანური ტყავი მოთხოვნადია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ამ კატეგორიის პროდუქტს უკვე იყენებენ ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა: Tesla, BMW, Porsche, Mercedes-Benz, Lexus, Ferrari, Bentley; Hermes, Gucci, Balenciaga, Chanel და Hugo Boss.
ბიზნესმენის ინფორმაციით, 150 000 ტონა ჭაჭა იყრება ყოველწლიურად, რომელიც იწვის და მისი უნარჩენო გადამუშავება შესაძლებელია.
ვეგანური ტყავის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა სავარაუდოდ 2022 წლის ბოლოს დასრულდება და პირველ ეტაპზე დაახლოებით 200-მდე ადამიანს დაასაქმებს.
მეღვინეობა ,,გრანელში“ ამ ეტაპზე 60-მდე ადამიანია დასაქმებული.
მარი ჩიტაია