გორის ტურისტული ცენტრის მოწყობა ერთი წლით გადაიდო. პროექტის პირველი ეტაპი 2018 წელს დაიწყო, თუმცა, სხვადასხვა მიზეზების გამო 2019 წლის გაზაფხულზე დაანონსებული ტურისტული ცენტრი 2020 წელს დასრულდება. ერთ-ერთი მიზეზი ადგილზე მე-19 საუკუნის ნაგებობის აღმოჩენა იყო, რის შემდეგაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გორის მუნიციპალიტეტის სამუშაოები შეაჩერა.
როგორც გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა „კომერსანტთან“ აღნიშნა, მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულია ტენდერი, რომელშიც გამარჯვებული სუვენირების მაღაზიას, საცხობს, ღვინის მაღაზიას, ქართული ტრადიციული ტანსაცმლის მაღაზიას ააშენებს ტურისტული ცენტრის ტერიტორიაზე.
„ლომჭაბუკის სკვერის გაშენება დამთავრებულია, მიმდინარეობს ტურისტული ცენტრის მშენებლობის მეორე ეტაპი. ტენდერი სხვადასხვა ობიექტების აშენებასთან დაკავშირებით უკვე გამოვაცხადეთ, თუმცა არავინ დაინტერესდა. ახლა მეორედ გვაქვს გამოცხადებული და თუ კიდევ არავინ შემოვიდა, ვფიქრობთ რომ ნულოვანი ტენდერი გამოვაცხადოთ.“ - ამბობს კონსტატნტინე თავზარაშვილი.
მერის განცხადებით,პროექტის განხორციელების პერიოდში მოხდება ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ლომჭაბუკის სკვერისა და იქ არსებული საგამოფენო სივრცის რეაბილიტაცია, აშენდება საინფორმაციო ცენტრი, სატრენინგო და სუვენირების სარეალიზაციო სივრცე, მოეწყობა ტურისტული ავტო და ველო სადგომები, ასევე 4 500 გრძივი მეტრის ველობილიკი. ტურისტული ცენტრის შექმნა ქალაქში შემოსული ტურისტების საფეხმავლო ბილიკებით და სპეციალური ადგილობრივი ტრანსპორტით მარტივად გადაადგილებას უზრუნველყოფს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში 1 800 000 ლარის ღირებულების გრანტი მოიპოვა. ტენდერში სამშენებლო კომპანია #3-მა გაიმარჯვა. საერთო ღირებულება 2 100 000 ლარია, აქედან 600 000 ევრო ევროკავშირის მიერ დაფინანსების წილია.
საგრანტო განაცხადი კონკურსში გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების ცენტრმა 2017 წლის მაისის თვეში შეიტანა.
მარიამ მორგოშია