ამერიკულმა საინვესტიციო ბანკმა Goldman Sachs–მა შეიძინა სტარტაპი Honest Dollar, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საპენსიო ანგარიშების ავტომატური მართვის სერვისებს.
გარიგების თანხა არ სახელდება. სტარტაპი კლიენტისგან ყოველთვიურად იღებს საკომისიოს საპენსიო ანგარიშის გახსნისა და მომსახურებისთვის, რომლებსაც მართავს Vanguard–ის საფონდო მენეჯერი.
Honest Dollar–ი არ ასაჯაროებს მომხმარებელთა რაოდენობას. ფორმაში აღნიშნავენ, რომ მისი სამიზნე აუდიტორია დაახლოებით 45 მილიონი ამერიკელი ფრილანსერი და წვრილი მეწარმეა, რომელთა საპენსიო შენატანსაც მათი დამსაქმებელი არ იხდის.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შოტლანდიის სამეფო ბანკი გეგმავს 550 სამუშაო ადგილის შემცირებას, რომლებსაც რობოტი მრჩევლები ჩაანაცვლებენ. ავტომატური სისტემები კლიენტებს რჩევებს მისცემენ, რომლებიც მათ მიერ შევსებული ანკეტის პასუხებს დაეფუძნება. აღნიშნული ნაბიჯი ხარჯების შემცირებისკენ მიმართული მორიგი ნაბიჯია.
გასული წლის თებერვალში ოაპონურმა ბანკმა Bank of Tokyo–მ დააანონსა საკუთარ ოფისებში ადამიანის მსგავსი რობოტების გამოჩენა, რომლებსაც შეუძლიათ 19 ენაზე საუბარი და კლიენტების ემოციების ამოცნობა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის მიხედვით, გენეტიკის, ხელოვნური ინტელექტის, რობოტოტექნიკისა და სხვა ტექნოლოგიური ცვლილებების შედეგად, 2020 წლისთვის 5 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი გაქრება.
კვლევის თანახმად, ადმინისტრაციულ და საოფისე თანამშრომელთა ორი მესამედი სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. უპირატესობა მიენიჭებათ კადრებს, რომლებიც კომპიუტერების, მათემატიკის, არქიტექტურისა და ინჟინერიასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ. კვლევა ავსტრალიაში, ბრაზილიაში, ჩინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ინდოეთში, იტალიაში, იაპონიაში, მექსიკაში, სამხრეთ აფრიკაში, თურქეთში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ჩატარდა.