კურორტი „გოდერძი" ტურისტების მიღებას სრულფასოვნად 2017 წლის ზამთრის სეზონიდან შეძლებს. როგორც „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, ამ ეტაპზე კურორტზე 6 კოტეჯი და 2 პატარა სასტუმროა, თუმცა მიმდინარეობს 100–ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელსაც „ალიანს ჯგუფი" ახორციელებს.
ონოფრიშვილი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში კიდევ, რამდენიმე ბრენდული სასტუმრო ოპერატორის შესვლას ელოდებიან, თუმცა კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე ბრენდები ამ ეტაპზე არ სახელდება. სანდრო ონოფრიშვილის თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გზის პროექტირებას ახორციელებს და მომავალი წლიდან დაიწყება გზის რეაბილიტაცია. ონოფრიშვილის ინფორმაციითვე, ზაფხულის სეზონის განმავლობაში გოდერძიზე ტურისტების სიმრავლეა, საბაგირო ჩართულია და ბევრი ქართველი თუ უცხოელი ტურისტი „გოდერძის უღელტეხილს" დასათვალიერებლად სტუმრობს. მისივე ინფორმაციით, კურორტი მარკეტინგულ კამპანიებში იქნება ჩართული, შესაბამისად ზამთრის სეზონზე ბევრ დამსვენებელს ელოდებიან.
„გოდერძი უხვთოვლიანი კურორტია, ამიტომ ვფიქრობთ, რომ სეზონი აქ ყველაზე ადრე პირველი დეკემბრისთვის გავხსნათ, გოდერძის გათოვლიანება არ სჭირდება, რაც დიდი პლიუსია," – აცხადებს ონოფრიშვილი. მისივე თქმით, „ალიანს ჯგუფი" სასტუმროს მშენებლობას მომავალი წლის ზამთრის სეზონისთვის დაასრულებს, უახლოეს მომავალში დაიწყება რამდენიმე ახალი სასტუმროს მშენებლობაც და შედეგად მომავალ წელს ტურისტების დახვედრა სრულფასოვნად იქნება შესაძლებელი. სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის განვითარება 2011 წლიდან დაიწყო.
საბოლოო გეგმის მიხედვით კურორტმა 7 ათასი დამსვენებლის ერთდროულად მიღება უნდა შეძლოს. გოდერძი 4 სეზონზე გათვლილი კურორტი უნდა იყოს.