გივი კორინთელი: ასეთი დაბალი ფასები თბილისში უძრავ ქონებაზე 2004 წლის შემდეგ არ ყოფილა

გივი კორინთელი: ასეთი დაბალი ფასები თბილისში უძრავ ქონებაზე 2004 წლის შემდეგ არ ყოფილა

access_time2016-06-24 17:00:33

ინტერვიუ პირველი საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელ გივი კორინთელთან:


- ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ლარი რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა. რას შეიძლება ეს უკავშირდებოდეს? რას ურჩევდით მოქალაქეებს ასეთ პირობებში?


- თუ კონკრეტული გარდაუვალი საჭიროება არ დგას და მხოლოდდამხოლოდ სპეკულაციისთვის სჭირდება ადამიანს დოლარის ყიდვა, მიმდინარე მომენტში არ ღირს, ვინაიდან ეს არის აქტიური ტურისტული სეზონი, ექსპორტ-იმპორტის სალდო არის დაბალანსებული, ინვესტიციების მოლოდინი არის, აქედან გამომდინარე ყველა ლოგიკით მყარია ლარი და იმის საფრთხე, რომ გაუფასურდეს, მოკლევადიან პერიოდში არ არის. ყველანაირი ეკონომიკური თეორიის მიხედვით, ლარი არ უნდა უფასურდებოდეს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით.

 

რაც შეეხება ლარის გაუფასურების მიზეზებს ბოლო პერიოდში, ამის თქმა რთულია. ზოგადად, ლარის კურსის აწევა არ იყო გამოწვეული დოლარზე გადამეტებული მოთხოვნით ბანკების მხრიდან. ცოტა გაუგებარია, ეროვნული ბანკი რატომ არ ჩაერია აუქციონში და არის მოლოდინი იმის, რომ შემდგომი აღმასვლა თუ დაიწყო, ის აუცილებლად ჩაერევა, ვინაიდან 3 დღეში 10 პუნქტით გაუფასურება დესტაბილიზაციას იწვევს. ეროვნულმა ბანკმა წინა დღეებში საკმარისი რეზერვი შეიძინა, როდესაც იძენდა დოლარს, რომ სიტუაცია დაებალანსებინა. რაც შეეხება ლარის გაუფასურების მიზეზებს, რთული სათქმელია. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ერთი ან ორი მსხვილი ოპერაცია ბაზარზე იწვევს ხოლმე ლარის კურსის გაუფასურებას, აქედან გამომდინარე ძნელია ამაზე საუბარი. მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის მოკლევადიანი. უახლოეს 3-4 თვეში ლარის გამყარების ტენდენცია უნდა გაგრძელდეს იმ მაკროეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით, რომლებიც ქვეყანაში არსებობს.


ტურიზმიც გადამწყვეტ ფაზაში შედის, უფრო აქტიურდება, ბიუჯეტის ხარჯვაც დაბალანსებულია, ასევე ძირითადი საბაზისო ეკონომიკური ბერკეტები, რომლებიც ზეგავლენას ახდენს კურსის გაუფასურებაზე, არ არსებობს.


-  თქვენ ტურიზმი ახსენეთ და აუცილებლად უნდა შევეხოთ ამ საკითხსაც. ტურიზმის სტიმულირიებისთვის სახელმწიფო ახორციელებს პროგრამას სახელწოდებით Check In Georgia, რომელშიც 29 მილიონი ლარი იხარჯება. როგორ ფიქრობთ, მოიტანს ეს იმ შედეგებს, რასაც სახელმწიფო ელოდება?


- მხოლოდ ერთი კონკრეტული ღონისძიებების ჭრილში რამის განხილვა ძალიან ძნელია. ტურიზმზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგალითად მეზობელ ქვეყნებში არსებული სიტუაცია. რომ ჩავთვალოთ, რომ რეგიონი წყნარია, სტაბილურია და თან ამას დავუმატოთ ეს ახალი პროექტი, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ტურიზმს. რაც შეეხება დახარჯული თანხების ამოღებას, ძნელია ამის გათვლა, რადგან აქ არაერთი ფაქტორი მოქმედებს. Check In Georgia ხომ არ არის ერთადერთი აქტივობა, რომელიც ხორციელდება ტურიზმის წახალისებისთვის, არის სხვა ღონისძიებებიც, თუნდაც გარე რეკლამები, სოციალური ქსელები, ქვეყნის პრეზენტაცია ზოგადად და ა.შ. აქედან გამომდინარე ძნელია იმის თქმა, კონკრეტულად რომელი პარამეტრი მოქმედებს ტურიზმის მოზღვავებაზე. თუნდაც მხოლოდ თურქეთის მომენტი რომ ავიღოთ, ვგულისხმობ რუსი ტურისტების თურქეთში არჩასვლას, ეს ფაქტორიც ჩვენზე ნაკლებად არის დამოკიდებული. იმის განსაზღვრა, რამდენი ხანი გაგრძელდება ამ ქვეყნებს შორის „მტრობა“, ძნელი სათქმელია, შესაბამისად, ძნელია იმის განსაზღვრა როდემდე ივლის აქტიურად რუსი ტურისტი თურქეთის ნაცვლად საქართველოში.


ზოგადად, ვფიქრობ, რომ ასეთი ღონისძიებები ტურიზმის წახალისებისთვის კარგია და არ ვფიქრობ, რომ 29 მილიონი ის თანხაა, რომელიც გადაჭარბებულად ჟღერს. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ინტერესს გაზრდის საქართველოს მიმართ, გაზრდის ცნობადობას: ჩამოვა ერთი ტურისტი, ის ჩამოიყვანს მეორეს, მერე ისინი ოთხს და ა.შ. უფრო გრძელვადიან ჭრილში უნდა დავინახოთ ამ პროგრამის შედეგები.


აქ ყველაზე მნიშვნელოვანია,  როგორ ჩატარდება დაგეგმილი ღონისძიებები. ის, რაც იყო Maroon 5-ის კონცერტზე, არ უნდა განმეორდეს. ფაქტია, რომ ამდენ ხალხს 2 დღეში ბათუმი მოუმზადებელი შეხვდა და ვერ გადაამუშავა. ეს კი წარმოადგენს დიდ საფრთხეს ასეთი პროექტებისთვის.


-  სხვა თემებსაც შევეხოთ, როგორც ცნობილია, ხელისუფლება ონლაინ სესხების რეგულაციებზე მუშაობს. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ ცვლილებების მიმართ, რამდენად უნდა შეიზღუდოს ეს მიმართულება და როგორია საერთაშორისო პრაქტიკა?


-  მსოფლიო ტენდენციები რომ ავიღოთ, ონლაინსესხები ნახევარ ქვეყნებში დაშვებულია, ნახევარში კი აკრძალული, მაგალითად, აშშ-ში 27 შტატში არის დაშვებული, 24 შტატში აკრძალულია. ბოლო ანალიტიკური კვლევები ცხადყოფს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი გაჭირვებულია, რეალურად ონლაინ სესხები დადებითად მოქმედებს. ადამიანებს ამ სესხების მეშვეობით შეუძლიათ იყიდონ მაცივარი, ტელევიზორი და გაიუმჯობესონ ყოფა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემა ნამდვილად არსებობს. ამ გამოწვევების გათვალისწინებით, მსოფლიო იყოფა 2 ნაწილად, მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების მხარედ.


 

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ვფიქრობ, 3 რამ არის ამ კუთხით გასაკეთებელი: საპროცენტო ზღვარის შეზღუდვა, ეფექტური პროცენტის გამოცხადება რეკლამის დროს - არა ის, რომ პირველი სესხი უფასოა, არამედ, ის, რომ წლიურად 200-300%-იანია. მესამე, უნდა ჩამოყალიბდეს ეთიკის კოდექსი, როდესაც საქმე ეხება ვადაგადაცილებული სესხების ამოღებას ანუ რეკვას სახლში, სამსახურში და ა.შ. ეს მიღებული პრაქტიკაა სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ მაგალითად ინგლისში 8 საათის შემდეგ სახლში ვერ დაურეკავთ და ვერ მიხვალთ, რადგანაც ეთიკის ნორმების დარღვევად ითვლება. ასევე, ვერ დაურეკავთ კლიენტს სამსახურში. ვფიქრობ, ეთიკის კოდექსი უნდა შემუშავდეს და უნდა ეხებოდეს არამარტო ონლაინ სესხებს, არამედ, სხვა მიმართულებებსაც. ასევე, ვფიქრობ, უნდა შემოვიდეს ასაკობრივი ზღვარი. ზრდასრულობის მომენტი ცოტა საეჭვოა ჩვენს ქვეყანაში, ვინაიდან ზოგი 18 წლის ასაკში მიიჩნევს თავს ზრდასრულად და ზოგი 25 წლის ასაკში, მაგრამ რეალურად, ვფიქრობ, რომ ასაკიც ასაწევია.


-  რაც შეეხება რეკლამებს, მაგალითად, Google-მა მაღალპროცენტიანი სესხების რეკლამებზე უარი თქვა. ძალიან უხეში შედარებაა, მაგრამ თამბაქოსა და მაღალალკოჰოლური სასმელების რეკლამებზე გარკვეული შეზღუდვები საქართველოში უკვე არსებობს და დღის განმავლობაში ის ეთერში ვერ გადის. მსგავსი ტიპის შეზღუდვა რამდენად უნდა არსებობდეს ონლაინ სესხების ან ზოგადად მაღალპროცენტიანი სესხების შემთხვევაში?


-   ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა რთულია. ეს დამოკიდებულია ქვეყანაზე, მის ყოფაზე, ძალიან ბევრ სხვა პარამეტრზე. ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ხვალიდან არცერთი ონლაინ სესხის კომპანია აღარ იქნება, ეს დაარღვევს იმ ადამიანების უფლებებს, რომლებიც მართლა ხელფასისთვის იყენებენ ამ სესხებს. მაგალითად, თუ ხელფასი აქვს ადამიანს 500 ლარი და 200 ლარი დასჭირდა შუა თვეში, ასეთ შემთხვევაში ონლაინ სესხი მისთვის ნამდვილად არის გამოსავალი.


რაც შეეხება სარეკლამო შეზღუდვებს, ვფიქრობ, რომ, ალბათ, არ არის საჭირო. მგონია, რომ უფრო მეტად უნდა გამახვილდეს ყურადღება იმაზე, რომ ადამიანებს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდონ. დაახლოებით ისევე უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, როგორც გასულ წლებში ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს დაავალა, რომ რეკლამებში გამოეცხადებინათ ინფორმაცია სესხის პროცენტის ეფექტური განაკვეთის შესახებ. დღეს ასე არ ხდება, რეკლამებს რომ გადახედოთ დღეს, ყველგან ამბობენ, რომ ჩვენ გეხმარებით, ჩვენ პირველ სესხს გაძლევთ უფასოს და ა.შ.

 

ამ რეგულაციების ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო უნდა დააკვირდეს 6 თვის განმავლობაში, რა ეფექტი მოახდინა ცვლილებებმა და თუ არ გამოიღო შესაბამისი ეფექტი და გაიზარდა პრობლემური სესხების სტატისტიკა, შემდეგ უკვე სხვა რეგულაციებზე უნდა იზრუნოს ხელისუფლებამ.

 

-  უძრავი ქონების ბიზნესზე გკითხავთ, რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი მშენებლობლებით ძალიან გადატვირთულია და კარგი იქნება თუ გარკვეული რეგულაციების დაწესდება იმისთვის, რომ რეგიონებში და თბილისის გარეუბნებში გადაინაცვლოს მშენებლობებმა. რამდენად სწორად მიგაჩნიათ ამ სიტუაციის ხელოვნურად მოწესრიგება?


-  უკვე არის ეს ტენდენცია. ბოლო, K2-თან დაკავშირებული ცვლილებები აუცილებლად გამოიწვევს ბაზრის გადანაწილებას პერიფერიებში. ცენტრში პატარა მიწის ნაკვეთების მფლობელებს გაუჭირდებათ მათი გაყიდვა, თუ ინვესტორს აქ მაღალსართულიანი კორპუსის აშენების შესაძლებლობა არ ექნება.  მიდგომა არის ის, რომ ცენტრში განიტვირთოს სიტუაცია, ყოველ შემთხვევაში უფრო მეტად აღარ დაიტვირთოს და აქცენტი გადაიტანონ პერიფერიებზე. სხვათა შორის, თბილისში მიმდინარე რამდენიმე დიდი პროექტი სწორედ გარეუბნებში ხორციელდება, მაგალითად: „ჰუალინგი“ თბილისის ზღვაზე, „დირსი“ ორთაჭალაში, „მწვანე ალმასი“ დიღომში და ა.შ. რეალურად, ეს ტენდეცია დაიწყო და ვფიქრობ, რომ ეს გარდაუვალია. არა იმიტომ, რომ ვიღაც რამეს ზღუდავს, უბრალოდ ადამიანების ყოფაც ცვილებისკენ წავა. ადამიანები მიხვდებიან, რომ ახალ უბნებში, სადაც არის მეტი ფართობი, რეკრეაცია, ველობილიკები, არ არის პარკინგის პრობლემა, ბინის ყიდვა უფრო კომფორტულია. ვფიქრობ, როცა საქმე მეორე ბინის ყიდვაზე მივა, შეიძლება, უკვე პერიფერიაში იყიდონ და არა დატვირთულ ცენტრში.  


-  ზოგადად, უძრავი ქონების ბაზარზე რა ტენდენციებია? გასული წლის ბოლოს ფასების ზრდას ვარაუდობდნენ, თუმცა, როგორც ჩანს ასე არ მოხდა. რა არის ამის მიზეზი?


ვფიქრობ, რომ ბაზარზე გადაჭარბებული მიწოდებაა. ძალიან ბევრი რამაა უკვე ბანკებზე დამოკიდებული. ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ, რომ ბანკებმა შეკვეცონ იპოთეკური სესხების გაცემა, ჩათვალეთ, რომ ეს ბაზარი დიდი საფრთხის წინაშე დადგება, რადგან მიწოდება ჭარბია. ფასების ცვლილება ბაზარზე სწორედ ამის ბრალია. ვერავინ იფიქრებდა, რომ ვაშლიჯვარში ან ნაძალადევში ახლა კვადრატული მეტრი 380 დოლარად გაიყიდებოდა, ძალიან დაბალია ეს ფასები. ასეთი დაბალი ფასები თბილისში უძრავ ქონებაზე 2004 წლის შემდეგ არ ყოფილა. ნიშანდობლივია ისიც, რომ ძველი, მეორადი ბინების გაყიდვის მაჩვენებელი დრამატულად შემცირებულია, რადგან იმდენად დიდია ახალი ბინების მიწოდება, იმდენად იაფია და იმდენად ხელმისაწვდომია იპოთეკური სესხი, აზრს კარგავს ძველი ბინის ყიდვა.


საფრთხეები ჩანს და ამ საფრთხეების ბერკეტები ძირითადად ბანკებშია, რაც 2008 წელს არ იყო. ბანკები ასეთი რაოდენობით არ იყვნენ შესული უძრავი ქონების ბაზარზე და ძირითადად კომპანიებს ჰქონდათ განვადების სისტემები და თვითონ კომპანიებში ხდებოდა გადახდა. ახლა ასე არ არის.


-   უძრავი ქონების ბაზარზე ბანკების ზედმეტად შესვლაში რას გულისხმობთ?


-  ფაქტობრივად, მშენებლობის 70% არის საბანკო დაფინანსებით, იპოთეკური სესხით და ა.შ. ამ მშენებლობების ნაწილსაც პრობლემები შეექმნა და მათი მოგვარების გზები გამოიძებნება ხოლმე არა მესაკუთრის მიერ, არამედ ბანკის მიერ, რომ სესხის მოქნილობით და ფასების რეგულაციით ესა თუ ის ობიექტი ბოლომდე გაყიდოს.


-  რაც შეეხება არაპროფილურ აქტივებს, მიუხედავად ეროვნული ბანკის რეკომენდაციისა, რომ ბანკებმა გამიჯნონ საკუთარი არაპროფილური აქტივები, დღეს მაინც ისმის პრეტენზიები, რომ მაგალითად „საქართველოს ბანკი“ ისევ ჩვეულებრივ ფლობს სამშენებლო კომპანიას და ბაზარს "აფუჭებს". თქვენ როგორ ფიქრობთ, დგას დღის წესრიგში ეს პრობლემა?


-  რთულია ამაზე პასუხი, თუ არ ჩაეძიე კონკრეტულად. აქ ხომ იმაზე არ არის პრეტენზია, უნდა ჰქონდეს თუ არა „საქართველოს ბანკს“ სამშენებლო კომპანია, ძირითადად მენაშენეების პრეტენზია არის ის, რომ თავიანთ კომპანიებს, რომლებსაც აქვთ სესხები ამ ბანკში და მიწოდებული აქვთ საკუთარი ფინანსური ინფორმაცია, აბრალებენ, რომ ბანკი იყენებს ამ ფინანსურ ინფორმაციას, რომ თავისი შვილობილი გააძლიეროს. მე შორს ვარ ამ აზრისგან. ეს ერთი ბრალდებაა, რომელიც შეიძლება ან იყოს ხელოვნური ან არა. მე ზოგადად, არ ვეწინააღმდეგები ასეთი სახის წარმომაქმნებს, სანამ მათი პენეტრაცია არ იქნება იმხელა, რომ ზეგავლენას ახდენდეს ბაზარზე. სანამ მ2-ის მშენებლობები არის მთელი სამშენებლო ბაზრის 2%, ეს საფრთხეს არ წარმოადგენს.


-  რამდენიმე კვირის წინ ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა მედიასთან შეხვედრა, სადაც განაცხადა, რომ ქვეყნის პრიორიტეტები უნდა შეიცვალოს და უფრო განათლებასა და ინოვაციებზე ორიენტირებული გახდეს. პრიორიტეტების ცვლილებებზე საუბრისას, მან  ახსენა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა.  როგორ ფიქრობთ, იქნება ეს მტკივნეული მოქალაქეებისთვის, მზად არის ამისთვის ქვეყანა?


– ასე ხელოვნურად გადასვლა სხვა პრიორიტეტებზე რთულია. ეს საკითხი დავყოთ 2 მიმართულებად: პირველი ვარიანტია, რომ თუ  ჩვენ ამას განვახორციელებთ, შემდეგ მოგვიწევს ამ ინტელექტუალური რესურსის ექსპორტი. შეიძლება გავზარდოთ ბავშვები, ვასწავლოთ, შემდეგ ისინი განაწილდნენ ამერიკაში, ევროპაში და ა.შ. შემდეგ ჩამოვიდნენ და გამოადგნენ ქვეყანას. ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა.  მეორე ვარიანტია, როცა გვსურს, რომ ადგილზე მოხდეს ამ ახალგაზრდების რესურსის გამოყენება. ვთქვათ, 1000 ძალიან განათლებული და ძლიერი  კურსდამთავრებული გვყავს. მათი გამოყენება იქნება ნული, რადგან რეალურად ჩვენ ბიზნესს არ აქვს შესაბამისი მოთხოვნები. ისინი მაინც დაიკარგებიან. უკრაინის მაგალითია ამ კუთხით საინტერესო, ისინი ძალიან ძლიერები არიან პროგრამისტების, სისტემური ადმინისტრატორების გამოშვების მიმართულებით, მაგრამ კუსრდამთავრებულები რეალურად გადანაწილებულები არიან სხვა ქვეყნებში. ასე მოგვიწევს ჩვენც.


ვფიქრობ, განათლების პრიორიტეტად ქცევის პროცესი უნდა დაიწყოს, მაგრამ სხვანაირად. ჯერ უნდა მოხდეს პირდაპიური უცხოური ინვესტიცია ასეთ სფეროებში, ამას უნდა მოჰყვეს კონკრეტული კადრი, ასევე უცხოელი. უნივერსიტეტებმა უნდა დაიწყონ სპეციალისტების გამოშვება „ტექნიკური განხრით“ და მათი ერთობლივი მუშაობა ამ სტუდნეტთან, რომელიც მოჰყვება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას იქნება გარანტი იმისა, რომ ა) მათ ექნებათ სამუშაო ადგილი ბ) მათზე იქნება მოთხოვნა გ) ისინი შეიძენენ  კონკრეტულ გამოცდილებას. ვფიქრობ, სხვანაირად ეს არ გამოვა.

 

 

 




Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში

Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში
access_time2020-11-23 20:00:47
კორონაკრიზისი შტატებში ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მწვავდება, თუმცა, პრეზიდენტი ტრამპი ტვიტერში კომენტარების წერით და გოლფის თამაშითაა დაკავებული. დემოკრატები სიტუაციის შემდგომი გამწვავების თავიდან არიდებას ცდილობენ, მაგრამ თეთრი სახლი ამ მცდელობების ბლოკირებას ახდენს.   ამერიკის ექთნების პროფკავშირის თავჯდომარე მერი ტერნერი შტატ მინესოტას ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს და ეპიდემიოლოგიური ვითარებას თვალს ფრონტის წინა ხაზიდან ადევნებს.   ამ დღეებში...

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება
access_time2020-11-23 18:00:49
მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე მსოფლიო ლიდერი ნავთობგადამუშავების დარგში აშშ იყო - პირველად, ასწლეულების მანძილზე ეს რეალობა იცვლება და პირველ ადგილზე ჩინეთი გადის. სავარაუდოდ, ეს უკვე 2021 წელს მოხვდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, პეკინი ნავთობგადამამუშავებელ სიმძლავრეებს აქტიურად ზრდის და ამ ბაზარზე ლიდერობისთვის ემზადება. კერძოდ, ჩინეთში 4 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შენდება, მაშინ, როდესაც შტატებში პირიქით, იხურება -...

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა
access_time2020-11-23 15:44:28
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.    "13-წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და...

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა
access_time2020-11-23 16:00:45
კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა ვერ განაახლა საქმიანობა, - ასეთია ინვესტორთა საბჭოს და EBRD-ს მიერ მომზადებული კვლევის შედეგები. მათგან 51%-მა დახურული საზღვრები საქმიანობის განახლების ძირითად შემაფერხებელ მიზეზად დაასახელა. ეს პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულეა არა მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებული, არამედ თითქმის ყველა სხვა სექტორისთვისაც. შემდეგი ორი მნიშვნელოვანი შეფერხება ეხებოდა მოთხოვნის შემცირებას (20%) და რეგულაციებს (10%).  საქმიანობის განახლების ყველაზე დაბალი...

კომერციული ბანკების მოგება 101,548 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მოგება 101,548  მლნ ლარით გაიზარდა
access_time2020-11-23 13:00:56
კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის ოქტომბერი 166,189 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს.   ეს კი წინა თვესთან შედარებით, 101,548 მლნ ლარით მეტია. სექტემბერში ბანკების წმინდა მოგება 64,641 მლნ ლარს შეადგენდა.   ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,516 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა -3,257 მლნ ლარი...


მსგავსი სიახლეები

up