“გირჩი” საპარლამენტო არჩევნებზე მისული მოქალაქეებისთვის Tesla-ს აღარ გაათამაშებს. პარტია, რომელიც სხვა ოპოზიციური ძალების მსგავსად, არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, უარს ამბობს საბიუჯეტო დაფინანსებაზე, რის გამოც, გათამაშებასაც ვეღარ გამართავს.
პარტიას ავტომობილის გათამაშება პოლიტიკის დაფინანსების მისთვის მიუღებელი წესის “დემონსტრაციულად გაპროტესტება” სურდა.
“არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პარლამენტში შესვლის უფლება მიიღო რვა ოპოზიციურმა პარტიამ. ამ მომენტისთვის, არავინ არ ვაღიარებთ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს და ვართ ბოიკოტის რეჟიმში. თუმცა, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია იგივე საარჩევნო პროცესის შედეგად წარმოშობილმა საბიუჯეტო დაფინანსების უფლების გამოყენების საკითხმა.
პარტიების უმრავლესობამ მოითხოვა დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებულ ბოიკოტს აგრძელებს… ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს, ბიუჯეტის ფულით, „ტესლას“ გათამაშებაც არ შეიძლება. ეს წინააღმდეგობაში მოდის რეალური ბოიკოტის იდეასთან”, – აცხადებს “გირჩი”.
პარტიის თქმით, გაუგებარია ბოიკოტის პირობებში არჩევნების შედეგების მხოლოდ იმ ნაწილში ცნობა, რომელიც დაფინანსების მიღებას ეხება.
“ბოდიშს ვუხდით პროექტში მონაწილე ადამიანებს დანაპირების შეუსრულებლობისათვის და გპირდებით, რომ აუცილებლად მოვა დრო, როცა ტესლას ნაცვლად, ყველას მეტ თავისუფლებას გადმოგცემთ”, – დასძენს პარტია.
Netgazeti.ge