მიკვირს კიდევაც, როგორ დაიშალა პოლიტიკური გუნდი, მაშინ, როდესაც მათ აკავშირებთ საკმაოდ სერიოზული წარსული, რომელიც ახლა საქართველოს დღევანდელობაზე მოქმედებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
„აქ არ არის საუბარი 9 წელზე, სისხლიან 9 წელზე და ა.შ. და არც აგდებით არის სასაუბრო ამაზე, თუნდაც წარსული იყოს, მაგრამ ეს განაპირობებს მომავალს, ეს განაპირობებს მძიმე მემკვიდრეობას, რომელსაც საზოგადოება და კონკრეტული სტრუქტურები ებრძვიან. ეს მათ აერთიანებთ. თუკი, კონკრეტული კანდიდატები ერთმანეთს უპირისპირდებიან, მათი პოლიტიკური თამაშია ანდა იმის უსუსური მცდელობა, რომ როგორმე ერთნი ჩამოშორდნენ იმ ნეგატივს, რაც გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეინარჩუნოს ის ამომრჩეველი, რომელიც დღეს საზოგადოებაში ჰყავს. ეს შიდა თამაშები, მე ვფიქრობ, ქვეყანას სიკეთეს ნამდვილად არ მოუტანს, მაგრამ ვერც დააზიანებს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ძალა ერთობაშიას“ დატოვების გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძე ბნელ მხარეზე გადავიდა.
imedinews.ge