ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ვაშაძე თამბაქოსთან დაკავშირებით პარლამენტის თემატური ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის.
საკითხი ვაშაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დასვა და როგორც განაცხადა, სიგარეტთან დაკავშირებით არსებობს სავარაუდო კორუფციისა და კონტრაბანდის სქემა, ხოლო ბიუჯეტი დიდი ოდენობით თანხას კარგავს.
„ჩვენი დაანგარიშებით ეს თანხა 800 მილიონია. პასუხებს რაღაცაზე ვიღებთ, რაღაცაზე - არა. შეიქმნას პარლამენტის თემატური ჯგუფი და მოვიკვლიოთ, რა ხდება სიგარეტთან დაკავშირებით. დათვლილი გვაქვს 550 მილიონი კოლოფი სიგარეტი ოთხი წლის მანძილზე, რომელიც ან “ლევად“ ან კონტრაბანდულად გაიყიდა. ეს არის ბაზრის 40%. თუ ვინმე იპარავს და კონტრაბანდაშია ჩართული, უნდა დაისაჯოს“, - განაცხადა ვაშაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
ვაშაძის ინიციატივის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის პროცედურა განმარტა. მან ვაშაძეს მიმართა თემატური ჯგუფის შექმნის ხედვა და დასაბუთება ჩამოაყალიბოს და კომიტეტის მიერ მისი დადასტურების შემთხვევაში, ასეთი ჯგუფი შეიქმნება.
IPN.GE