ნიკა მელიას დაკავებს მკვეთრად უარყოფითად აფასებს „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე. როგორც მან"კომერსანტთან" საუბრისას აღნიშნა ამ ნაბიჯით საინვეტიციო გარემო გაუარესდება, რაც აუცილებლად აისახება მოქალაქეების ჯიბეებზე.
„ისეთი მყიფე დემოკრატიის ტიპის ქვეყნისთვის როგორც საქართველოა, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის მსგავსი ფორმითა და მსგავსი უსუსური ბრალდებით დაკავება თავისთავად ძალიან უარყოფითად აისახება ქვეყანაზე. ჩვენ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ძალიან დიდხანს ვიქნებით დამოკიდებული დასავლეთის მხარდაჭერაზე, იმაზე თუ რა განწყობაა დასალეთში საქართველოს მიმართ. ეს მოქმედებს ჩვენს საინვესტიციო გარემოზე, ჩვენს ბიზნეს გარემოზე, ასეთი ტიპის ქვეყნებში როგორც წესი ინვესტორები ფულს არ დებენ“, -განაცხადა კეპულაძემ. მისივე თქმით, მდგომარეობას კიდევ უფრო დაკავების ფორმა - შტურმი ამძიმებს.
„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებლის თქმით, მსგავსი ქმედებისთვის სანქციების დაწესების შემთხვევები არსებობს, მაგრამ მაშინაც კი თუ სანქციები არ დაწესდება, კონგრესმენების განცხადება უკვე აზიანებს საინვესტიციო გარემოს და როცა ქვეყანას ნავთობი ან რაიმე სხვა რესურსი არ გააჩნია ინვესტიციების კლება ეკონომიკურ მდგომარეობას გააუარესებს.
კითხვაზე ხომ არ ემსახურება მელიას დაკავება არსებული ეკონომიკური პრობლემების გადაფარვის მცდელობას გიორგი კეპულაძემ აღნიშნა, რომ შეიძლება ასეცაა, მაგრამ ეს მცდელობა ცარიელ მაცივარს ვერ გადაფარავს.
ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა, 18 თებერვალს პრემიერი გიორგი გახარია გადადგა, მისი თქმით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფორმასთან დაკავშირებით გუნდში კონსესუსს ვერ მიაღწია. მთელი ამ დროის განმავლობაში, დაკავებამდე მელია სხვა ოპოზიციური პარტიის წევრებთან ერთად ნაციონალური მოძრაობის ოფისში იმყოფებოდა.