“ყველაზე დიდ გამსესხებლებს შორის მაინც საბანკო სექტორი რჩება, მათ საპროცენტო განაკვეთები შედარებით დაბალი აქვთ. ბანკების გარდა, არსებობენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომელთა რაოდენობაც შემცირდა და არსებული რეგულაციების შემდეგ, ნაწილი ბაზრიდან გავიდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ მიკროსაფინანსოების დიდი ნაწილი მაინც დარჩა და ახალი რეგულაციების პირობებში აგრძელებენ მუშაობას. ამასთანავე, არსებობენ ონლაინ სესხის კომპანიები, რამდენიმე წლის წინ ნამდვილი ბუმი იყო ასეთი კომპანიების, მათ ასტრონომიული პროცენტები ჰქონდათ სესხებზე, წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 3000%-საც კი ცდებოდა და ეს სესხები ერთთვიანი იყო. გამსესხებლებს შორის დარჩენილი არიან ასევე ლომბარდები და კერძო მევახშეები,“ - განაცხადა რადიო “კომერსანტი“ გადაცემა „კომერსანტის დილაში“ „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებლმა გიორგი კეპულაძემ.
კეპულაძის თქმით, დღეს მკაცრად არის დარეგულირებული საფინანსო სექტორი და ბაზარზე რჩებიან ის მოთამაშეები, ვინც გადაურჩნენ მკაცრ რეგულაციებს.
“აღსანიშნავია ისიც, რომ საპროცენტო განაკვეთები ნელ-ნელა დაბლა იწევს, თუმცა ჩვენი ეკონომიკიდან გამომდინარე, ის მაინც მაღალია. იმისთვის, რომ ქვეყანაში კარგი საპროცენტო განაკვეთი არსებობდეს და ხელმისაწვდომი იყოს ფულის სესხება, საჭიროა ეკონომიკური წინსვლა. ქვეყანა უნდა გაძლიერდეს. ჩვენ წარსულში გვახსოვს 36%-იანი იპოთეკური სესხებიც, მათ შორის უცხოურ ვალუტაშიც, თუმცა დღეს უკვე ეს რიცხვი უცხოურ ვალუტაში 6-7% შეიძლება იყოს, ხოლო ლარში 10-11%. თუმცა არის სესხები, რომლებიც ძვირი ღირს და სარისკოა, მათ შორის სამომხმარებლო სესხები, ან განვადება.
ქვეყნის ეკონომიკა ნელ-ნელა ვითარდება, რა თქმა უნდა, მეტს ვისურვებდით, თუმცა ნამდვილად არის საპროცენტო განაკვეთების შემცირების ტენდეცია და მისი შენარჩუნება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა,“ - აღნიშნავს „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებლი.
გიორგი კეპულაძემ რადიო “კომერსანტის“ ეთერში ანაბრებსა და სესხების პროცენტს შორის სხვაობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„ეს განსხვავება დეპოზიტსა და სესხს შორის მცირდება და კარგი იქნება თუ მომავალშიც გაგრძელდება. ეს კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კონკურენტული იქნება საბანკო სექტორი მომავალში. დღეს მოგეხსენებათ ორი დიდი ბანკია წარმოდგენილი ბაზარზე, მათ კონკურენციას დანარჩენი ბანკები ვერ უწევენ. ამდენად, მნიშვნელოვანია რომ ბაზარი გაჯერებული იყო კონკურენციით, რადგან კონკურენცია, როგორც ეკონომიკაში, ისე პოლიტიკაში, ყველაფრის წამალია.
ერთი რჩევა მინდა გავაჟღერო, იმ შემთხვევაში თუ ბანკი არ გაძლევთ სესხსს, ჯობია საერთოდ არ აიღოთ სესხი და არ მიაკითხოთ კერძო მევახშეებს, რადგან ბანკები კარგად აფასებენ ჩვენს ფინანსურ შესაძლებლობებს, ბანკს პატარა შანსიც რომ ჰქონდეს, აუცილებლად მოგვცემდა სესხს, ბანკის მთავარი ინტერესიც სესხის გაცემაა და თუ ამას არ აკეთებს ე.ი სერიოზული მიზეზი არსებობს. ასევე უნივერსალური რჩევა ვალუტასთან დაკავშირებით. 200 ათას ლარამდე სესხის აღება უცხოურ ვალუტაში, ფაქტობრივად, შეუძლებელია, თუ გრძელვადიან და იპოთეკურ სესხს ვიღებთ, ყოველთვის ჯობია გავთვალოთ, რა ვალუტაში გვაქვს შემოსავალი.“
ნათია კეკენაძე