თუ გაყალბებაზე არის საუბარი, მაშინ კონკრეტული ფაქტები უნდა დაასახელონ და ამის გარშემო კონკრეტული საჩივრებიც უნდა არსებობდეს, არის მხოლოდ რაღაც შეფასებები (რომელსაც სულ სხვა მიზანი აქვს) და არანაირი ფაქტები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, თუ რამე ფაქტი არსებობს უნდა იყოს შესაბამისი საჩივრებიც.
„მე არ ვამბობ რომ არჩევნები ყოველგვარი დარღვევების გარეშე ჩატარდა, ეს ასე ვერ იქნებოდა. იდეალური არჩევნები არ ტარდება არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, გარკვეულ დარღვევებს ყოველთვის აქვს ადგილი, მაგრამ ამ დარღვევებს არ შეიძლება გავლენა ჰქონდეს არჩევნების შედეგებზე, ესაა მთავარი. შემთხვევითი არ არის, რომ საერთაშორისო და ყველა ობიექტურმა დამკვირვებელმა ვინც ამ პროცესს ესწრებოდა, ეს არჩევნები ლეგიტიმურად ცნო, შემთხვევით არაფერი არ ხდება“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,15 %; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,14%; „ევროპული საქართველო“ - 3.78%; „ლელო“ – 3,15%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.
ოპოზიციის ნაწილი აქციებს აანონსებს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ერთიან სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. მათი ერთ-ერთი სცენარი არის ის, რომ ბოიკოტი გამოაცხადონ, უარი თქვან მანდატებზე და არ შევიდნენ პარლამენტში.
მანდატებზე უარი უკვე თქვეს „პატრიოტთა ალიანსმა“ და „ევროპულმა საქართველომ“.
imedinews.ge