ონის კასკადის უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესები არ დგას - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას.„ონის კასკადი ეკონომიკურად, სოციალურად თუ ეკოლოგიურად რას ნიშნავს, ამის შესახებ თქვენი ექსპერტების დასკვნას გავეცნობი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ონის ჰესების კასკადის მშენებლობა შემოდგომაზე დაიწყება. ინიციატივას უკვე მოჰყვა რამდნეიმე საპროტესტო აქციაც. პროექტის განმახორციელებელი კომპანია ამჟამად ეკონომიკის სამინისტროსგან მშენებლობის ნებართვას ელოდება.
კასკადი რიონზე 2 ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს, მთლიანი სიმძლავრე 200 მეგავატი იქნება.
2021 წლისთვის 80 მეგავატი სიმძლავრის ჰესი ამუშავდება, 2026 წლისთვის კი მეორე - 120 მეგავატი სიმძლავრის. კასკადების პროექტი მოსახლეობის განსახლებას არ ითვალისწინებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 330 მილიონი დოლარია. კონტრაქტის პირობების მიხედვით, გამომუშავებული ელექტროენერგია პირველი 15 წლის განმავლობაში სრულად საქართველოში დარჩება.
imedinews.ge