ძალიან კარგად გვესმის, რამხელა რისკში შევდივართ, როდესაც მოსახლეობას ვეუბნებით, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტს ჯერ ვერ ავამუშავებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტი ინფექციის გავრცელების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე რისკის შემცველია.
„გასაგებია ეს ყველაფერი, მძიმეა, უდიდესი დისკომფორტია, მაგრამ მეორე მხრივ, მუნიციპალური ტრანსპორტი არის ჩვენს პირობებში ერთ-ერთი ყველაზე რისკის შემცველი გავრცელების. ვსაუბრობდით ღია ბაზრობებზე, სადაც ადამიანები უკვე სოციალური პროტესტით ფიქრობენ, იქაც რაღაც კომპრომისი უნდა ვნახოთ და ალბათ ის ნაწილი, სადაც ქუჩიდან შესასვლელები არის ამ ბაზრობების გარკვეულ ობიექტებზე, შეიძლება, ფრთხილად, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ რაღაც გავაკეთოთ. მეგობრებო, ჩვენი წარმატების ძირითადი მიზეზი გახლავთ ის, რომ ჩვენ ძალიან ადრე ექიმების რეკომენდაციებს მივყევით და მსხვილი ბლოკების გათიშვით მივაღწიეთ მობილობის დავარდნას და არ გავუშვით იმპორტირებული ინფექციის სწრაფი გავრცელება ქვეყანაში. შესაბამისად, შემდგომ, ამ ორ თვეში ჯანდაცვის სამინისტროს ეფექტურად მუშაობის შედეგად სისტემა მოამზადა იმისთვის, რომ ნორმალურად მიეღო, ემკურნალა და ნორმალურ ცხოვრებაში დაებრუნებინა ხალხი. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გააკეთა ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში პირველი არასდროს არ ვყოფილვართ ტესტების რაოდენობით, ამ ტესტების მიზნობრიობის ხარისხი გვაქვს უბრალოდ მაღალი. აქედან გამომდინარეობს ეს ყველაფერი“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, თუ ეს ყველაფერი არ შენარჩუნდა , გაჭირდება დასახული მიზნების მიღწევა – ეკონომიკის ამუშავება და კრიზისის, როგორც ქვეყნისთვის შესაძლებლობის გამოყენება.
„ამის ძალიან კარგი პლატფორმა გვაქვს ახლა და ეს წყნარად, მშვიდად, ყველანაირი რეზისტენტულობის გარეშე უნდა გავაკეთოთ, რას გვაბრალებენ, რას გვეძახიან, ყველაზე კარგი საბოლოო შემფასებელი მაინც არის მოქალაქე, რომელიც მივა საარჩევნო ყუთთან და თავის გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, მან ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძესა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს სთხოვა, მედიას აუხსნან რა ხდება რეგიონში, რა იყო საქართველოს წარმატების მიზეზი და რა მნიშვნელობა აქვს ინსტრუმენტებს.
„ბატონო ამირან, მინდა, გთხოვოთ, რომ იყოთ უაღრესად მკაცრი დღეს მედიასთან, ისევე როგორც, თქვენ ქალბატონო ეკა. პირველი – უნდა აუხსნათ რა ხდება რეგიონში, მეორე – უნდა აუხსნათ, რა იყო წარმატების მიზეზი და მესამე – უნდა აუხსნათ, რომ ეს ინსტრუმენტები თუ არ დაგვრჩა ჩვენ ხელში, რთულ იქნება და მეოთხე – პოლიტიკოსები აუხსნით ყველაფერს, გამოდის, რომ მესამე ფრონტი დაგვემატა. რაც ხდებოდა გუშინ, ეს იყო ჩვეულებრივი ცირკი“, – განაცხადა პრემიერმა.