იქიდან გამომდინარე, რომ უსაფრთხოების საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე, ჩვენ განვიხილეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობა ქვეყნის მასშტაბით, თუმცა დღეის მდგომარეობით, ასეთი აუცილებლობა არ არსებობს- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, თუ ამის აუცილებლობა დადგება, შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.
„პრეზიდენტთან შეთანხმებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება, ჩვენ შევძლებთ რამდენიმე საათის განმავლობაში გადაწყვეტილების მიღებას, შემდგომ აღსრულებას. ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ხვალ, ზეგ, მაზეგ, როგორც კი ასეთი აუცილებლობა დადგება და როგრც კი ჩვენი მედიკოსები, ჯანდაცვის სისტემა გვეტყვის, რომ ვირუსის გავრცელების შემდგომი შეჩერების მიზნით გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, ჩვენ ამ გადაწყვტილებას მივიღებთ,- განაცხადა პრემიერმა.
მანამდე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა სავაჭრო ობიექტი უნდა დაიხუროს, გარდა სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, ბენზინგასამართი სადგურების, საფოსტო ქსელებისა და საბანკო განყოფილებების გარდა.
საქართველოში კორონავირუსი 40 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge