„რა თქმა უნდა, სიღნაღში, საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში, დღეს, პანდემიის გამო, ტურიზმის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა ყველას დაგვეტყო, მაგრამ რაც არ უნდა რთული იყოს ეს გასაგებად, როგორც არ უნდა ცვლიდეს ეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, რასაც ექიმები გვირჩევენ, ცოტა ხანი კიდევ უნდა მოვითმინოთ და პირბადეც უნდა გავიკეთოთ, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, ჩვენს მოხუცებულებზე ვიზრუნოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სიღნაღში, გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის წარდგენაზე ისაუბრა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, „სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობა გვეზრდება, ვმართავთ ამ პროცესს და მთავარია, რომ ელემენტარული წესები დავიცვათ და კიდევ ერთხელ ვამბობ, განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ ხანდაზმულ ადამიანებს, ამას დიდი პასუხისმგებლობა აქვს“.
„უბრალოდ უნდა მოვუაროთ ამ ხალხს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო მარტივად და ეფექტურად, დისციპლინას დავიცავთ და დავიცავთ ამ წესებს, მით უფრო მალე დავამარცხებთ ამ განსაცდელსაც და მით უფრო სწრაფად აღვადგენთ ჩვენს ეკონომიკას“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა არჩევნებზე ისაუბრა და როგორც მან განაცხადა, არჩევნები უნდა ჩატარდეს ისე, რომ არავის ჰქონდეს რაიმე კითხვის ნიშნის დასმის შესაძლებლობა.
„ჩვენ ახლა პანდემიასაც ვებრძვით, ეკონომიკურ კრიზისსაც ვებრძვით, პარალელურად არჩევნებიც უნდა ჩავატაროთ, თან ისე, რომ არავის არ ჰქონდეს რაიმე კითხვის ნიშნის დასმის შესაძლებლობა. ჩვენ უბრალოდ არ გვჭირდება ამ არჩევნებში არანაირი გართულება, მაინც სამართლიანად, ღიად, ყველა პირობებში გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში. ამიტომ, წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ექსცესების გარეშე უნდა მივიდეთ და ხმა მივცეთ იმას, ვისაც ვთვლით ღირსეულად. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.