„კიდევ ერთმა წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ „სტანდარდ ენდ ფუარსმა“ („S&P“) საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ დონეზე დატოვა. ეს შეფასება იმითაც არის ნიშანდობლივი, რომ იგი თავსებადია ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი წამყვანი სარეიტინგო სააგენტო Fitch“-ის, შეფასებისა, რომელმაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად - „BB“ დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა, მაშინ როდესაც Fitch-მა შეამცირა ისეთი წამყვანი და ჩვენზე გაცილებით დივერსიფიცირებული ეკონომიკის ქვეყნების დიდი ნაწილის სუვერენული რეიტინგი, როგორიც აშშ, იაპონია, საფრანგეთი და კანადა არიან,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ თავის ფეისბუქ-პოსტში.
ექსპერტის განცხადებით, ამ ორი წამყვანი სარეიტინგო კომპანიის მიერ, გლობალური პანდემიის ეკონომიკებზე ნეგატიური ზეგავლენის მიუხედავად, საქართველოს რეიტინგის და პერსპექტივის უცვლელი დატოვება მიანიშნებს, სარეიტინგო კომპანიების პოზიტიურ მოლოდინებს ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღების პერსპექტივის თვალსაზრისით, ხოლო ქვეყნის სუვერენული რეიტინგის ძლიერ მხარედ, ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება სახელდება.
„აღსანიშნავია, რომ სწორედ ეფექტური ანტიკრიზისული სამთავრობო სტრატეგიის და ეკონომიკური მდგრადობის მნიშვნელოვან ფაქტორად საგარეო დაფინანსების მოზიდვა განიხილება, რომლის მიხედვითაც უკვე დადასტურებული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერა უკვე მიმდინარე წლის ბოლოსათვის 1.5 მლრდ აშშ დოლარს ითვალისწინებს. ასევე ნიშანდობლივია, რომ „S&P“ საქართველოს ინსტიტუციურ სიძლიერეს მიიჩნევს ეკონომიკის მნიშვნელოვან უპირატესობად, რადგან ბოლო წლების მიხედვით, სწორედ ინვესტიციების და წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონე აჭარბებს ყველა სხვა BB კატეგორიის ქვეყნების მაჩვენებელს, რომელსაც სარეიტინგო კომპანია აფასებს,“ - აღნიშნულია ფეისბუქ-პოსტში. ექსპერტის განცხადებით, რეიტინგი ასახავს სარეიტინგო კომპანიის პოზიტიურ მოლოდინებს, რომ საგარეო ვალის საშუალებით მოხდება რა ამ ეტაპზე შემცირებული ინვესტიციების ნაკადების ჩანაცვლება, თავის დადებითი ზეგავლენა ექნება ინვესტორთა გადაწყვეტილებებზე უფრო აქტიურად მოახდინონ კაპიტალდაბანდებები საქართველოს ეკონომიკაში.