კომპანია Gilead Sciences-მა ხუთ სხვადასხვა კომპანიასთან „რემდესივირის“ წარმოების შესახებ შეთანხმება გააფორმა. შეთანხმების თანახმად, აღნიშნულ პრეპარატს 127 ქვეყანა მიიღებს.
კომპანიამ პრეპარატის წარმოების შესახებ შეთანხება ინდოეთსა და პაკისტანში მდებარე მწარმოებლებთან გააფორმა, რაც „რემდესივირის“ მიწოდებას დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში შესაძლებელს გახდის.
2 მაისს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კომპანია Gilead-ს კორონავირუსის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენებისთვის ნებართვა გასცა.
29 აპრილს კომპანია Gilead Sciences-ში განაცხადეს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატის გამოკვლევის წინასწარმა შედეგებმა აჩვენეს, რომ პაციენტების სულ მცირე 50%-ის მდგომარეობა, რომლებსაც „რემდესივირით“ მკურნალობდნენ, გაუმჯობესდა, ხოლო ნახევარზე მეტი კი საავადმყოფოდან გაწერეს ორი კვირის განმავლობაში.
„ეს მონაცემები დამაიმედებელია, რადგან ისინი მიუთითებენ იმაზე, რომ პაციენტებმა, რომლებმაც ხანმოკლე, 5-დღიანი კურსი გაიარეს, მსგავს კლინიკურ გაუმჯობესებას განიცდიან, როგორც პაციენტები, რომლებმაც 10-დღიანი კურსი გაიარეს“, - განაცხადა არუნა სუბრამიანმა, კვლევის წამყვანმა სპეციალისტმა.
Imedinews.ge