საქართველოს პარლამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელს, ფილიპ რიკერს შეხვდა. საუბარი შეეხო ტრანსატლანიკურ თანამშრომლობას და შეერთებული შტატების ჩართულობას უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ტერორიზმის, მიგრაციის, კონფლიქტების საკითხებში, ასევე, ეკონომიკურ და დემოკრატიის განვითარების სფეროებში თანამშრომლობას ეუთოს ქვეყნებთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული ვითარება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია, რუსეთთან ურთიერთობები, ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენელთა კრიტიკული დამოკიდებულება საარჩევნო სისტემის ცვლილების, სასამართლო რეფორმის, პოლიტიკურ ოპოზიციაზე ზეწოლის კუთხით. აღინიშნა, რომ აშშ-ის ახალი ელჩი კელი დეგნანი აქტიურად იქნება ჩართული ყველა მნიშვნელოვან პროცესში.
გიგი წერეთელმა ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ სენატორებთან და კონგრესის წევრებთან, პოლიტიკურ ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.
imedinews.ge