თუკი იგივეს ლაპარაკობ, რასაც ხელისუფლება ამბობს, მაშინ პრეტენზია ოპოზიციონერობაზე არ უნდა გქონდეს, - ასე ეხმაურება პარტია “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი პარლამენტში შესვლის თაობაზე, პარტია “მოქალაქეებისა“ და “გირჩის“ წარმომადგენლების პოზიციას.
წერეთლის თქმით, არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, მათთან შეხვედრის გამართვის პერსპექტივას ვერ ხედავს. ამ კონტექსტში წერეთელმა ისიც აღნიშნა, რომ შეხვედრის პრობლემა არ არის, თუმცა რამდენად ექნება შედეგი, მეორე საკითხია.
“ეს ადამიანები თავისას ცდილობენ, რომ ოპოზიციაში რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეუქმნან მოსაზრება, რომ ამ ვითარებაში უმჯობესია პარლამენტში ყოფნა. ეს არის ზუსტად ის, რასაც დღეს ხელისუფლება ამბობს. ამის შემდეგ ზღვარის გავლება, ხელისუფლებაში ხარ თუ ოპოზიციაში, რთულია“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიგი წერეთელმა.
Ipn.ge