გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში მკაცრი ლოკდაუნის რეჟიმი 7 მარტამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ფედერალური მიწების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
გერმანიის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის მუტაციების გავრცელება საფრთხის შემცველია და ზომების გახანგრძლივებაა საჭირო.
5 თებერვალს გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ქვეყნის სწრაფად გახსნა მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ სწრაფად დახურო, სასარგებლო არ არის.
20 იანვარს გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში ლოკდაუნის რეჟიმი 14 თებერვლამდე გაახანგრძლივა. ქვეყნის მასშტაბით მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში FFP2 და KN95 კლასის ან ერთჯერადი სამედიცინო პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, სკოლები და საბავშვო ბაღები დახურული დარჩება. გარდა ამისა, კერძო სახლებსა და ბინებში მხოლოდ ერთი სტუმრის მიღებაა შესაძლებელი.
გერმანიაში 16 დეკემბრიდან ლოკდაუნის მკაცრი რეჟიმი მოქმედებს. სასიცოცხლო მნიშვნელობის მაღაზიების გარდა, ამჟამად ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი დახურულია. საპარიკმახეროები, მუზეუმები, თეატრები და სილამაზის სალონები არ მუშაობს, ხოლო მოსწავლეები სწავლას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ.
imedinews.ge