გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში მოქმედი ლოკდაუნის რეჟიმი 28 მარტამდე გაახანგრძლივა. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ ფედერალური ხელისუფლება რეგიონების ხელმძღვანელებს უფლებას აძლევს, შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღონ.
„ლოკდაუნის მოხსნის კუთხით ნაბიჯები უნდა გადავდგათ, თუმცა ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ სიტუაცია არ გაუარესდეს. 2021 წლის გაზაფხული 2020 წლის გაზაფხულისგან განსხვავებული იქნება. ახლა კაცობრიობამ ვირუსზე უფრო მეტი იცის, რაც მოქნილი მიდგომის გამოყენების საშუალებას იძლევა“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
ახალი სამოქმედო გეგმის თანახმად, გერმანიაში 8 მარტიდან წიგნის მაღაზიები, ყვავილების მაღაზიები, მებაღეობის ბაზრები, კოსმეტიკის სალონები და ავტოსკოლები გაიხსნება. ასევე, შემსუბუქდება სოციალური კონტაქტების შეზღუდვები და ბინებსა და სახლებში ხუთამდე ადამიანის შეხვედრა დაიშვება.
შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპი 22 მარტიდან არის დაგეგმილი და იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება ხელსაყრელი იქნება. მეორე ეტაპის ფარგლებში, იგეგმება რესტორნების, კინოთეატრების, თეატრების, მუზეუმების, საკონცერტო დარბაზებისა და საცალო ვაჭრობის მაღაზიების ნაწილობრივი გახსნა.
როგორც გერმანიის მთავრობაში აღნიშნავენ, შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპი იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ ერთი კვირის განმავლობაში 100 ათასს მოსახლეზე კორონავირუსის ასამდე შემთხვევა იქნება.
გერმანიაში 16 დეკემბრიდან ლოკდაუნის მკაცრი რეჟიმი მოქმედებს. სასიცოცხლო მნიშვნელობის მაღაზიების გარდა, ამჟამად ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი დახურულია.
imedinews.ge