გერმანიის მთავრობა Deutsсhe Bank-ის გადარჩენას არ გეგმავს - განაცხადა ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარტინ ეგერმა.
"ინფორმაცია, თითქოს მთავრობა მუშაობს გადარჩენის გეგმაზე, სიმართლეს არ შეესაბამება, ასეთი ტიპის სპეკულაციების საფუძველი არ არსებობს" განაცხადა ეგერმა
ერთი კვირის წინ გავლენიანმა გერმანულმა გაზეთმა Die Zeit-მა, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ევროკავშირმა, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და გერმანიის მთავრობამ შეიმუშავეს ქვეყნის უძველესი ბანკის გადარჩენის გეგმა.
მას შემდეგ, რაც აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ ბანკი 14 მლრდ. დოლარით იმის გამო დააჯარიმა, რომ 2008 წლამდე არღვევდა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის წესებს, Deutsche Bank -ი გაკოტრების პირასაა.
გაზეთის მონაცემებით, გადარჩენის გეგმაზე მუშაობენ ევროკომისია, ევროპის ცენტრალური ბანკი და გერმანიის მთავრობა.
გეგმა შეიძლება შედგებოდეს ორი ფაზისგან.
პირველი ფაზა ითვალისწინებს ბანკის აქტივების გაყიდვას იმ მოცულობით, რომელიც უზრუნველყოფს ბალანსში „შავი ხვრელების" ამოვსებას. მთავრობა ამისთვის სახელმწიფო გარანტიებს გამოყოფს.
თუ ეს საკმარისი არ იქნება, მთავრობა იძულებული იქნება შევიდეს ბანკის კაპიტალში.
ამავე დროს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ხაზი გაუსვა Deutsche Bank-ის მნიშვნელობას ქვეყნის საბანკო სისტემისთვის და გამოთქვა რწმენა, რომ ეს ფინანსური ინსტიტუტი დაძლევს კრიზისს და აღიდგენს ინვესტორების ნდობას.
თუმცა მერკელი Deutsche Bank-ს დახმარებას არ დაპირებია.
15 სექტემბერს The Wall Street Journal-მა დაწერა, რომ აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ მოითხოვა ბანკისგან 14 მლრდ. დოლარი გამოძიებოს შეწყვეტის სანაცვლოდ. თუმცა ეს თანხა აღმოჩნდა ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ბანკის მენეჯმენტი წარმოიდგენდა.
ბანკმა დაადასტურა აშშ-ს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებიბს წარმოება, თუმცა განაცხადა რომ არაა მზად გადაიხადოს ასეთი დიდი თანხა.
Deutsche Bank-მა 2015-16 წლებში დაკარგა კაპიტალიზაციის ნახევარი, მისი წაგება 2015 წელს შეადგენდა 6, 8 მლრდ. ევროს, შედეგად, კაპიტალიზაციის დონით ბანკი არის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ევროპაში, შესაბაბისად, მაღალი ჯარიმა მიაყენებს მას ძალიან სერიოზულ დარტყმას.
სასამართლო დავების მოსაგვარებლად, ბანკის მენეჯმენტმა შექმნა რეზერვები - დაახლოებით 5, 4 მლრდ. ევრო. რაც შეეხება აშშ-ს მთავრობას, Deutsche Bank-ი გეგმავდა მასთან მორიგებას 2-3 მლრდ. დოლარად.
Deutsche Bank-ი აქტიურად მუშაობს ამერიკაში, თუმცა მას აქვს მუდმივი პრობლემები ქვეყნის ხელისუფლებასთან - კერძოდ, 2013 წელს ბანკმა 1, 9 მლრდ. დოლარი გადაიხადა იპოთეკურ ბაზარზე თაღლითობის ბრალდებების გამო.
ამერიკის მთავრობა აწარმოებს გამოძიებას Deutsche Bank-ის მონაწილეობასთან დაკავშირებით 2008-2009 წლების გლობალური კრიზისის გაღვივებაში.
გერმანული ბანკი არაა ერთადერთი, რომელსაც სერიოზული ფინანსური დავა აქვს აშშ-ს იუსტიციის სამინისტროსთან - უფრო კონკრეტულად, Bank of America-მ ა რეკორდული ჯარიმა - 16, 6 მლრდ. დოლარი უკვე გადაიხადა.