კანადა დათანხმდა, გერმანიაში დააბრუნოს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ ტურბინა, რომელიც კანადაში გასარემონტებლად ჩაიტანეს, თუმცა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, აქამდე მას უკან ვერ აბრუნებდნენ, - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
„გერმანელი ოფიციალური პირები კანადას მოუწოდებდნენ, ეპოვა გზა ტურბინის დასაბრუნებლად, იმის შიშით, რომ რუსეთი ამ საკითხს „ჩრდილოეთის ნაკადის“ დასახურად გამოიყენებდა, რაც გერმანიას ხელს შეუშლიდა, ზამთრის წინ, გაზის მარაგები შეევსო“, - წერს Bloomberg-ი.
„[ტურბინის] ექსპორტის ნებართვა ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და მოკავშირეებთან, ასევე ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან ფართო დისკუსიების შემდეგ გაიცა“, - განმარტავს კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრი ჯონათან ვილკინსონი.
აღნიშნული სიახლის პარალელურად, კანადის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმადაც, ქვეყანა რუსეთისთვის ახალ სანქციებს აწესებს.
„ჩრდილოეთის ნაკადი 1“ არის გაზსადენის ქსელი, რომლითაც გერმანიას რუსეთიდან გაზი მიეწოდება. ტურბინა, რომელიც კანადაში, Siemens Energy AG-ის მიერ არის შექმნილი, სარემონტოდ, მონრეალში იყო გაგზავნილი.
„ჩრდილოეთის ნაკადი 1“ Nord Stream AG-ს ეკუთვნის, რომლის ძირითადი აქციონერი რუსული სახელმწიფო კომპანია „გაზპრომია“.