გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმებული მოქალაქეები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს დღეს, 13 აგვისტოს შეიტანენ. მათ უფლებს „გაერთიანებული პროფკავშირები“ დაიცავს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულთა უმეტესობა პროგრამით უკმაყოფილოა, თუმცა ამ ეტაპზე 11 მოსარჩელეა, რომლებსაც პროფკავშირები საკუთარი უფლებების დაცვაში დაეხმარება.
„სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი, დაზარალებულებს ჩვენი ადვოკატი ემსახურება. ეს ხალხი დარჩა მოტყუებული, გასწია ხარჯი და არ შეუსრულდათ ის დანაპირები, რაც სამინისტროს, უშუალოდ დასაქმების სააგენტოს მხრიდან იყო შეთავაზებული. გერმანულმა მხარემ ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები უხეშად დაარღვია. თითქმის მასიურად მოხდა ასეთი ფაქტი, მაგრამ ჩვენ გვყავს ამ ეტაპზე 11 მოსარჩელე, რომელთა უფლებებსაც დავიცავთ. სეზონურ სამუშაოზე წასული ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი სარგებლის ნაცვლად, ფინანსურად და მორალურადაც დაზარალდა. შავით თეთრზე წერია ხელშეკრულებაში, რა პირობებში უნდა ეცხოვრათ, როგორ უნდა ემუშავათ, რაც ვერ მიიღო ამ ხალხმა, ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო, ობიექტურ შესაბამის გადაწყვეტილებას გამოიტანს“, - ამბობს პეტრიაშვილი.
„კომერსანტი“ დაუკავშირდა გერმანიიდან დაბრუნებულ ჯაბა ჩაჩანიძეს, რომელმაც ისაუბრა უმძიმეს პირობებზე, რაშიც ქართველებს ევროპის მოწინავე ქვეყანაში უწევდათ ცხოვრება და მუშაობა. ჯაჯანიძე ამბობს, რომ ეს იყო მონური მდგომარეობა, რის გამოც ვადაზე ადრე, ოჯახიდან გაგზავნილი ფულით დაბრუნდა სამშობლოში.
„მაქსიმალურად ვიყავით ინფორმირებული, ყოველ შემთხვევაში, ასე გვეგონა. ჩაგვიტარდა ტრენინგები, არასწორი ინფორმაციის საფუძველზე წავედით. როგორც ჩანს, შემოწმებული არ ჰქონდათ სიტუაცია, როცა საქმე სახელმწიფოებრივ რანგში იყო აყვანილი და ხელშეკრულება მაღალ დონეზე გაფორმდა. მონურ პირობებში გვაცხოვრეს და გვამუშავეს. დამსაქმებელმა პირდაპირ გვითხრა, რომ ჰყავთ ძალიან იაფად მომუშავე რუმინელთა ჯგუფი და ჩვენც ასე უნდა გვემუშავა. არ გვასარგებლეს ხელშეკრულების პირობებით, წვიმაში ჩექმებისა და საწვიმარის გარეშე ვიმუშავეთ მარწყვის პლანტაციაში, ჯოჯოხეთი იყო. ვადაზე ადრე გამოვექეცი. 1100 ევრო დამიჯდა გამგზავრება და დაბრუნება, 1 თეთრი არ ჩამომიტანია იქიდან, სამაგიეროდ, დიდი სტრესი მივიღე“, - აღნიშნა ჯაბა ჩაჩანიძემ.
აღსანიშნავია, რომ ჩაჩანიძე უყურადღებობაში გერმანიაში საქართველოს საკონსულოს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ითხოვეს დახმარება, მაგრამ 10 დღე ისე გავიდა, რომ მძიმე პირობებში მომუშავე, მოტყუებული ქართველები არავის მოუკითხავს.
ცნობისთვის, თავდაპირველად გერმანიაში ლეგალურად დასაქმების უფლება საქართველოს 500-მდე მოქალაქეს ჰქონდა. თუმცა ბოლოს კვოტა 5000-მდე გაიზარდა.
გერმანიაში დასაქმების სურვილი თითქმის 100 ათასმა საქართველოს მოქალაქემ გამოთქვა. თუმცა მათი უმეტესობა ვერ წავიდა, რის მიზეზიც გახდა როგორც უკვე გამგზავრებული მოქალაქეების წარუმატებლობა, ასევე პანდემიური ვითარებაც.
მარი ჩიტაია