გერმანიის ნაოსნობისა და ჰიდროგრაფიის ფედერალურმა უწყებამ (BSH) გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის ნებართვა გასცა.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ Nord Stream 2 AG-ს სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყება შეუძლია. საუბარია გაზსადენის გერმანიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მშენებლობაზე.
მშენებლობის ახალი ნებართვის გაცემა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2019 წლის დეკემბერში შვეიცარიულმა Allseas-მა მილების ჩაწყობაზე უარი განაცხადა აშშ-ის მხრიდან შესაძლო სანქციების საფრთხის გამო.
28 დეკემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ ოფიციალური ბერლინი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულებასთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლას არ აპირებს.
21 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-ს კოალიციის შექმნა სურს, რათა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულება არ დაუშვას.
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ კიდევ ერთი გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის „ტყუპისცალია“, რომელიც 2012 წლიდან ამოქმედდა. ორივე მილსადენი გათვლილია 55 მილიარდი კუბომეტრი გაზის მიწოდებაზე ლენინგრადის ოლქიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით. 55 მილიარდი კუბომეტრი - ეს არის ევროპაში რუსული გაზის მთლიანი ექსპორტის მეოთხედზე მეტი. პროექტის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის. მასში მონაწილეობენ ევროპული ენერგეტიკული კომპანიებიც.
imedinews.ge