გერმანია კორონავირუსისა და მისი ახალი შტამის გავრცელების შესაჩერებლად საზღვარზე კონტროლს კიდევ უფრო ამკაცრებს. უსაფრთხოების ზომები უკვე გაძლიერდა აეროპორტებში.
პოლიციას მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან გერმანიაში ჩასული მგზავრების დეტალური კონტროლი დაევალა.
კოვიდუარყოფითი ტესტის წარდგენის გარდა, მგზავრები შემოწმებას თვითმფრინავის ბორტზევე გაივლიან.
აღსანიშნავია, რომ გერმანია პირველი ქვეყანა გახდება ევროკავშირში, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ ანტისხეულებს გამოიყენებს. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლებამ ანტისხეულების ე.წ. მონო-კლონური კოქტეილის 200 ათასი დოზა შეიძინა და მას უახლოეს კვირაში საუნივერსიტეტო საავადმყოფოებში შეიტანენ. ანტისხეულების კოქტეილით მკურნალობის მეთოდს შეერთებულ შტატებში ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის ავადმყოფობისას მიმართეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.
imedinews.ge