გერმანია და საფრანგეთი ევროპის ეკონომიკის აღდგენისთვის 500 მილიარდი ევროს ოდენობის ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდიან. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადეს.
„ეს პანდემია ყველაზე მძიმე კრიზისია ევროკავშირის ისტორიაში. ამგვარი კრიზისი სათანადო რეაგირებას მოითხოვს“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, ბერლინსა და პარიზს ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად მოქმედება სურთ, თუმცა ამ ინიციატივით მესიჯს აჟღერებენ, რომ ევროკავშირი ამ კრიზისს გადალახავს და უფრო ძლიერი გამოვა.
„ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის აღდგენის ფონდი. გერმანია და საფრანგეთი აქტიურად განიხილავდნენ, თუ როგორი შეიძლება იყოს ეს ფონდი. საჭიროა სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა. ამიტომაც გვსურს დროში განსაზღვრული ფონდი შევქმნათ, რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტის თანხებს ყველაზე უფრო დაზარალებულ სექტორებსა და რეგიონებს გამოუყოფს“, - დასძინა ანგელა მერკელმა.
Imedinews.ge