ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ივნისში რამდენიმე ჩარტერულ ავიარეისს განახორციელებს. ავიაკომპანია რეგულარული რეისების დაწყებამდე, რომელიც პირველი ივლისიდან იგეგმება, ივნისში რამდენიმე რეისს ისრაელისა და ნიდერლანდების დედაქალაქის მიმართულებით განახორციელებს.
როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია Tav Georgia-ში განმარტავენ, ამ დროისათვის დამტკიცებული განრიგის თანახმად, Georgian Airways-ი ივნისში თელ ავივის მიმართულებით 4 ჩარტერულ რეისს, ხოლო ამსტერდამის მიმართულებით 3 ჩარტერულ ფრენას განახორციელებს.
უფრო კონკრეტულად კი თბილისი-თელ ავივი-თბილისის საჰაერო ხაზზე Georgian Airways-ი ფრენებს 4-11-21-25 ივნისს შეასრულებს, ხოლო თბილისი-ამსტერდამი-თბილისის საჰაერო ხაზზე კი 8-15-27 ივნისს.
გამორიცხული არ არის, რომ რეგულარული ფრენების გახსნამდე ავიაკომპანიამ კიდევ რამდენიმე ჩარტერული ავიარეისის განხორციელება დაგეგმოს.
2020 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველო რეგულარული ფრენებისთვის იხსნება და შესაბამისად Georgian Airways-ი იმ მიმართულებებზე ეტაპობრივად განაახლებს ფრენებს, რომელზედაც COVID-19-ის პანდემიამდე ოპერირებდა.
avianews.ge