Georgian Airways Cargo ფრენების მიმართულებებს აფართოებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Georgian Airways Cargo-ს გენერალურმა დირექტორმა ირაკლი მეზვრიშვილმა აცნობა, 25 ივლისს ავიახომალდი Boing B737-800 სატვირთო საჰაერო რეისს უკრაინაში, კიევში პირველად შეასრულებს, აგვისტოს ბოლოდან კი დაემატება ბუდაპეშტიც.
მისი ინფორმაციით, Georgian Airways Cargo სატვირთო გადაზიდვებს მიმდინარე წლის აპრილიდან ჩინეთის მიმართულებით ახორციელებს. გადაზიდვები წარმოებს ლონდონის და თელ-ავივის მიმათულებითაც.
როგორც მეზვრიშვილი აცხადებს, ამ დროისთვის კომპანია საჰაერო ტვირთების გადაზიდვებს ერთი ხომალდით ახორციელებს, თუმცა წლის ბოლომდე Georgian Airways Cargo მეორე ხომალდის შესყიდვასაც გეგმავს, 2022 წლისთვის კი მესამე ხომალდს შეიძენს, თუმცა, ეს სხვა ტიპის და გაცილებით მეტი ტევადობის თვითმფრინავი იქნება.
Georgian Airways-მა Boing B737-800 ლიზინგით შეიძინა. ავიახომალდი მანამდე კომპანია SmartWings-ის საკუთრებაში იყო და მას მგზავრები ევროპის მასშტაბით გადაჰყავდა. თუმცა, შემდეგ თვითმფრინავი ტვირთების გადასაზიდად მოეწყო. მისი მაქსიმალური მოცულობა 24 ტონაა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საჰაერო ტვირთების ბაზარზე რამდენიმე ქართული სატვირთო ავიაკომპანია ოპერირებს: Geo Sky, TCA და Easy Charter, ხოლო მიმდინარე წლის აპრილიდან მათ Georgian Airways-ის შვილობილი ავიაკომპანია Georgian Airways Cargo დაემატა.
business-partner.ge