ქართული სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-ი ავიაპარკი იზრდება. ავიაკომპანიის facebook-ის გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, Boeing 737-800SF უკვე თბილისშია, რომელიც ავიაკომპანიისთვის რიგით მესამე ბორტია და სერტიფიცირების შემდეგ ოპერირებას შეუდგება. Boeing 737-800SF საქართველოში აშშ-დან, კერძოდ მაიამიდან კონვერტირების შემდეგ ჩამოვიდა. ავიაკომპანიის ხელმძღვანელის ირაკლი მეზვრიშვილის თქმით, ბორტი 2002 წელსაა გამოშვებული და Boeing-ის საწარმოში მისი კონვერტირება ახლახანს დასრულდა.
„ავიაპარკის ზრდის შემდეგ განვიხილავთ, როგორც ჩარტერული ფრენების პროგრამის ზრდას ასევე რეგულარული რეისების დაწყებასაც. ამ ეტაპისთვის ბიზნესგეგმას ვამუშავებთ, პროექტების დამუშავების პროცესში ვართ და ამიტომ ზუსტად ჩამოყალიბებულები არ ვართ. აქედან გამომდინარე, რომ ფრენების ძალიან ბევრი შესაძლო ვარიანტი გვაქვს, კომერციული პირობების გათვალისწინებით საუკეთესო ვარიანტებს ვარჩევთ“,- აღნიშნა ირაკლი მეზვრიშვილმა.
ავიაკომპანიის ხელმძღვანელის თქმით, კომპანია ძირითადად აზიასა და ევროპას შორის სატვირთო რეისების შესრულებითაა დაკავებული, რომელსაც თბილისში ტრანზიტით ახორციელებს. მეზვრიშვილის განმარტებით, Georgian Airlines-ში ამ დროისათვის ძირითადად საშუალო და გრძელვადიანი კონტრაქტების შერჩევა მიმდინარეობს