ქართული ავიაკომპანია Georgian Airlines საკუთარი ავიაფლოტის გაფართოებას კიდევ სამი სატვირთო თვითმფრინავით – Boeing B737-800 გეგმავს. ავიაკომპანია ასევე ეძებს B767 თვითმფრინავს, აღნიშნულის შესახებ Georgian Airlines-ის მმართველმა დირექტორმა ირაკლი მეზვრიშვილმა გამოცემა ch-aviation-ს განუცხადა.
როგორც ცნობილია, Georgian Airlines (“საქართველოს ავიახაზები”) ამ დროისათვის ერთ საჰაერო ხომალდს (Boeing 737-86N) ფლობს, რომელზედაც საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან 28 იანვარს აიღო, 4 თებერვალს კი საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მოწმობის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ Boeing 737-86N, სარეგისტრაციო ნომრით 4L-IGT, 2000 წელსაა გამოშვებული და მის ოპერირებას იტალიური ავიაკომპანია Alitalia ახდენდა.
აღსანიშნავია, რომ Georgian Airlines საწყის ეტაპზე სატვირთო გადაზიდვებით იქნება დაკავებული, თუმცა სამომავლოდ, საქმიანობის გაფართოებასა და მოთხოვნის ზრდასთან ერთად სამგზავრო გადაზიდვების სეგმენტშიც გეგმავს შესვლას.
avianews.ge