ამერიკული საავტომობილო კორპორაცია General Motors-ი აპირებს 3 მლრდ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადოს მიჩიგანის შტატში. ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი წერს.
მისი წყაროების ცნობით, ავტომწარმოებელი უკვე ასრულებს მინიმუმ ორი პროექტის გეგმაზე მუშაობას, რომელიც მიმართულია ელექტრომობილების შექმნისკენ. ერთ-ერთი მათგანი ითვალისწინებს მიჩიგანში მდებარე კომპანიის კუთვნილი ქარხნის გადაიარაღებას და მოდერნიზებას, რომელშიც დაიწყება კომპანიის ელექტრო პიკაპების წარმოება. ეს რეკონსტრუქცია კომპანიას 2 მლრდ დოლარი დაუჯდება.
გარდა ამისა, General Motors-ი აპირებს იქვე გვერდით, ლანსინგში შექმნას საწარმო, რომელშიც დაიწყება ელექტრომობილებისთვის საჭირო აკუმულატორების წარმოება. გაზეთის ცნობით, ამ პროექტს კომპანია კორეულ LG Energy Solution-თან ერთად განახორციელებს.
ამ დროისთვის, კომპანიის ხელმძღვანელობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ათანხმებს ადმინისტრაციულ ნიუანსებს, მათ შორის საგადამხდელო საკითხებსაც.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"