ბათუმში რესტორნების შიდა სივრცეები 1-ლი მარტიდან გაიხსნა, კვების ობიექტებს ფუნქციონირება მხოლოდ სამუშაო დღეებში შეუძლიათ. თუმცა, კურორტის რესტორნების დიდმა ნაწილმა მუშაობა არ განაახლა, რადგან აცხადებენ, რომ არსებული შეზღუდვებისა და ტურისტების არარსებობის გამო ხარჯების დაფარვას ვერ მოახერხებენ. გახსნილი ობიექტები კი მომხმარებლებს დადგენილი რეკომენდაციების მკაცრი დაცვითა და გაზრდილი ტარიფებით მასპინძლობენ.
ბათუმის რესტორანის „დელირიას“ მფლობელი ნინო გაბუნია „კომერსანტთან“ პროდუქციის და კომუნალური გადასახადების გაზრდილ ფასებზე, შემცირებულ მომხმარებელსა და შემოსავლებზე საუბრობს.
„შიდა და გარე სივრცეები გახსნილია, მაგრამ რესტორანი ჯერჯერობით ადგილობრივ მომხმარებლებზე, ბათუმის მოსახლეობაზე მუშაობს, ვერც ტურისტების და ვერც შიდა ტურიზმის მიმართულებით მოძრაობას ვერ ვამჩნევთ. ძირითადად ბათუმში არსებული რესტორნები ზაფხულში აგროვებენ ხოლმე ფინანსებს, რომელიც შემდეგ ზამთარს გადაატანინებთ, მაგრამ ამ ზაფხულმა ეგ ფუფუნება არ მოგვცა და შემოდგომის სეზონს -30%-იანი ვაჭრობის მაჩვენებლით შევხვდით. იმის გამო, რომ ყველა პროდუქტი გაძვირებულია და კომერციულ ობიექტებს კომუნალური გადასახადები გაუზარდეს, მენიუზე ფასების გაზრდა მოგვიწია. ამ ეტაპზე ვმუშაობთ შემცირებული პერსონალით, რათა მიღებული შემოსავლით ხარჯების დაფარვა მაქსიმალურად შევძლოთ, მოგებაზე გასვლა აგვისტოს თვემდე შეუძლებლად მიმაჩნია.
ზაფხულის სეზონს რესტორანი ზარალით შეხვდება, უამრავი ვალი გვაქვს დარჩენილი, მათ შორის დისტრიბუციის. ჯერჯერობით ვაკვირდებით, 15 მარტამდე შევხედავთ რა მდგომარეობაში იქნება და თუ მოთხოვნაც გაიზარდა გავაგრძელებთ მუშაობას, მაგრამ თუ ვნახავთ, რომ ვერ ვასრულებთ დადგენილ მინიმალურ ვაჭრობის მაჩვენებელს, მაშინ შევცვლით პოლიტიკას. ჯერჯერობით შემცირებული პერსონალით და მინიმალური დანახარჯებით ვმუშაობთ. ეკონომიას ვაკეთებთ, რაღაც პროდუქტები არ შემოგვაქვს, რადგან გარკვეულ დანახარჯს მოითხოვს და ამ მდგომარეობაში არაა მიზანშეწონილი, ვმუშაობთ ისე, როგორც ომის შემდეგ.
კომენდანტის საათიც სერიოზული პრობლემაა, რესტორანი, რომ ძირითადად საღამოს საათებში არის დატვირთული ამაზე საუბარი ზედმეტია, ცოცხალი მუსიკა და სოციალური შეკრებები აკრძალულია, ეს ყველაფერი კი ჩვენთვის შემოსავალი იყო“, - აღნიშნა ნინო გაბუნიამ.
ბათუმში მდებარე ქართული რესტორანის „ბროწეული“ დამფუძნებელი მაია ანანიძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ შიდა სივრცეების გახსნის მიუხედავად მომხმარებელთა ზრდა არ შეინიშნება. მისივე თქმით, გაზრდილია პროდუქციის ფასები, ფასნამატი კი 30%-დან 50%-მდეა.
„რესტორნის შიდა სივრცეც გავხსენით, ფართი არც ისე დიდია, ამიტომ ვერ ვიტყვით რომ პირველი მარტიდან რეგულაციების შემსუბუქებამ ჩვენს შემთხვევაში განსაკუთრებული ცვლილება და მომხმარებელთა ზრდა გამოიწვია. სამწუხაროა, მაგრამ მომხმარებლებს მცირედით შეცვლილი ფასებით ვხვდებით, რადგან პროდუქტის ღირებულება ძალიან გაზრდილია, ლარის გაუფასურების გავლენაც დიდია. მართალია მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ძირითად კერძებზე არ გაგვეზარდა ფასი, თუმცა ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთ პროდუქტზე ფასნამატი დაახლოებით 50%-მდეა, ძირითად შემთხვევაში კი 30%. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გათვლა, მაინც უფრო მეტად ზაფხულის პერიოდზე გვაქვს, თუმცა ვფიქრობთ, რომ ტურისტები წელს ნაკლებად გვეყოლება, უფრო მეტად იმედებს შიდა ტურიზმზე ვამყარებთ“, - ამბობს მაია ანანიძე.
აღსანიშნავია, რომ რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას შაბათ-კვირის გარდა საქართველოს ყველა რეგიონში 8 მარტიდან განაახლებენ.
ნინო თამაზაშვილი