კომპანია CAPITAL PARTNERS OF GEORGIA-ს დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, რომ „მირზა-შაფის“ პროექტის გასხვისებაზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია, თუმცა, არსებული სიტუაციის გამო საბოლოო გადაფორმების საკითხები ინვესტორსა და გამყიდველს შორის მაისის ბოლომდე გადაიდო.
„ახლახანს იყო ამ საკითხზე შეხვედრა უცხოელ ინვესტორთან. დაუსურლებელ საქმეზე წინასწარ ინფორმაციას ვერ გავამხელთ, თუმცა, სერიოზული პარტნიორები და სერიოზული კომპანიბი არიან ამ პროექტით დაინტერესებული. ამ ეტაპზე საბოლოო ეტაპის განხილვა და პროექტის გადაფორმება მაისის ბოლომდე გადაიდო.“ - აცხადებს გიორგი სვანიძე.
როგორც ცნობილია, მირზა-შაფის პროექტის მშენებლობის დაწყება წლების წინ დაანონსდა. 2019 წლის მარტში გიორგი სვანიძე „კომერსანტთან“ აცხადებდა, რომ პროექტი სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დაიწყებოდა. მაშინ ფინანსების მოძიება მიმდინარეობდა.
გიორგი სვანიძე არ ასახელებდა შესაძლო ინვესტორის ვინაობას, თუმცა, აცხადებდა, რომ ეს უცხოური კაპიტალი იქნებოდა და პროექტში წილობრივი ფორმით შევიდოდა. კომპანიას თბილისის მერიისგან სამშენებლო ნებართვა უკვე მიღებული აქვს.კრიტიკოსები პროექტს აბანოთუბნის არქიტექტურისთვის შეუსაბამოდ მიიჩნევდნენ და ამბობდნენ, რომ ამ ტერიტორიაზე უსახური კუბების ფორმის ნაგებობების განთავსება მიუღებელია.
„მირზა შაფის“ პროექტზე აქტიურად მუშაობდნენ ისტორიკოსები, ცნობილი არქიტექტორები, რათა პროექტი მაქსიმალურად ჩამჯდარიყო აბანოთუბანის არქიტექტურაში , ბოტანიკური ბაღის სიმწვანეში და ყველასთვის მისაღები ყოფილიყო. პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბრენდ „კემპინსკისთან„ სასტუმროს მშენებლობის შესახებ შეთანხმებაა გაფორმებული.
პროექტში 60 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდებულიყო. იგეგმებოდა 1200-მდე ადამიანის დასაქმება.პროექტით გათვალისწინებულია მაქსიმუმ 2-4 სართულიანი ტერასიანი შენობების, ბიზნესცენტრების, ბუტიკ-ოტელების, სხვადასხვა ქვეყნის კულტურის სახლების, საგამოფენო დარბაზების მშენებლობა.
მარიამ მორგოშია