გაწერილი დახმარებების მოსახლეობამდე მიტანაში უამრავი პრობლემა შეიქმნება - ინტერვიუ გიორგი ქობულიასთან

გაწერილი დახმარებების მოსახლეობამდე მიტანაში უამრავი პრობლემა შეიქმნება - ინტერვიუ გიორგი ქობულიასთან

access_time2020-05-18 11:30:12

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია „კომერსანტთან“ ინტერვიუში, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ ვითარებაზე, ანტიკრიზისულ გეგმაზე, ანაკლიის პორტის პროექტზე, გაუფასურებულ ლარზე, ინვესტიციებზე და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ საუბრობს.

 

-თქვენი დაკვირვებით, როგორია საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა ეფექტიანობის თვალსაზრისით? ბევრი თვლის, რომ ეს წინასაარჩევნო პროგრამა უფროა, ვიდრე რეალურად ეკონომიკის გადარჩენის გეგმა, როგორია თქვენი შეფასება?

 

-პირველ რიგში ვიტყვი, რომ აქტიურად არ ვარ ჩართული და დეტალურად არ ვეცნობი საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, თუმცა რაც ვიცი შევეცდები გიპასუხოთ. ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა ძირითადად შედგება სხვადასხვა  ფინანსური დახმარებებისგან, ეს არის როგორც პირდაპირი გრანტები, ასევე შეღავათები სესხებზე, გადასახადების გადავადება და ა.შ. ეს ყველაფერი შეგვიძლია დავახასიათოთ როგორც ფინანსური დახმარების ინსტრუმენტები და ვთვლი, რომ ასეთი მიდგომა სწორი და მისაღებია. ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების გამოგონება, პრაქტიკულად ყველა ქვეყანას რომელსაც  კოვიდ 19-ის კრიზისი შეეხო, ანალოგიური ტიპის პროგრამები აქვთ. თუმცა, მე არ მაქვს ინფორმაცია და ვერ ვიტყვი რამდენად სწორად არის ეს გადანაწილებული, მაგრამ მიმართულებრივად ეს კარგი სტრატეგიაა. რა თქმა უნდა წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი ტიპის ფინანსური დახმარებები მოქმედ მთავრობას ეხმარება, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ეს სტრატეგია მხოლოდ წინასაარჩევნო განწყობის შესაქმნელად არის. ეს ყველაფერი რეალურად ეკონომიკას სჭირდება.

 

-რა იქნებოდა თქვენი პირველი ნაბიჯები არსებულ სიტუაციაში ეკონომიკის მინისტრის პოსტზე რომ ყოფილიყავით?

 

-მთელ მსოფლიოს დიდი ზარალი მიადგა, განსაკუთრებით კი საქართველოს, რადგან ყველაზე დიდი დარტყმა ჩვენს ერთ-ერთი ძირითად სექტორზე, ტურიზმზე მივიღეთ. დიდი დარტყმა მივიღეთ შემოსავლის წყაროზე, რასაც უცხოეთიდან ფულადი გზავნილები ჰქვია და რაც ძალიან დიდი თანხაა საქართველოსთვის. ამას გარდა, ჩვენ დავკარგეთ ვალუტის შემოსავლები და გვაქვს ძალიან დიდი გასავლები, რადგან საკვებიც კი დიდი რაოდინობით იმპორტით შემოგვაქვს. ამიტომ ეს გარღვევა რაც შემოსავალ-გასავალში ისედაც გვქონდა, კიდევ უფრო გამძაფრდა, საქართველო განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა და რა თქმა უნდა აქედან სწრაფი გამოსავალი თითქმის არ არის, არ არსებობს განსაკუთრებული ნაბიჯები რაც  ზეპოზიტიურ შედეგებს მოგვცემდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ რაც მთავრობამ გააკეთა მიმართულებრივად სწორია, აქ შეგვიძლია ვიდაოთ საკმარისია თუ არა, მაგრამ რა რესურსიც იყო იმის ფარგლებში ასეთი პროგრამა გაკეთდა. მოკლევადიან პერიოდში რადიკალური შედეგების მომტან ნაბიჯებს სხვას ვერც მე გადავდგამდი, მაგრამ აქ ასევე მნიშვნელოვანია როგორ აპირებენ გრძელვადიან და საშუალოვადიან პერიოდში სიტუაციის გამოსწორებას. ამ მხრივ მე ვერ ვხედავ იმ ნაბიჯებს თუ როგორ ვასწორებთ სისტემურად ჩვენი ეკონომიკის საფუძვლებს, ამაზე ვერაფერი გავიგე, ადრეც ერიდებოდნენ ასეთ თემებზე საუბარს და ახლა მითუმეტეს. ვგულისხმობ იმას, თუ როგორ ვწყვეტთ სახელმწიფო კომპანიების და დიდი სექტორების საკითხს, როგორ გვინდა გადავწყვიტოთ სწრაფად ისეთი საკითხები რომლებიც  ხელს გვიშლის სოფლის მეურნეობის განვითარებაში, მაგალითად როგორიც არის დაურეგისტრირებელი მიწების რეგისტრაცია, რომელიც 8 წელია ვერ გადავწყვიტეთ, ასევე როგორ ვაპირებთ გადავწყვიტოთ ლოგისტიკური საკითხები, რადგან ამ პრობლემის გამო საქონელი ვერ შემოგვიტანია და ვერც გაგვიტანია, ამ დროს კი გვინდა რომ წარმოება განვავითაროთ. ამ გაწერილი დახმარებების მოსახლეობამდე მიტანაში ნახეთ რამდენი პრობლემა შეიქმნება - უამრავი, რადგან სახელმწიფო მანქანა კვალიფიციურად ვერ მუშაობს, იმიტომ რომ წლების განმავლობაში კადრების დისკვალიფიკაცია და დემოტივიზაცია ხდებოდა.


ეს ის საკითხებია, რომლებიც საჭიროა, იმისთვის რომ  საქართველო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ინტენსიური განვითარების გზას დაადგეს. ახლა გადავწყვიტეთ რამდენიმე თვის საკითხი, რაც ულუკმაპუროდ დარჩენილ ხალხს დაეხმარება, ეს პერიოდი გადაივლის და მერე ისევ ჩავდგებით იმ მდგომარეობას რაშიც შარშან ვიყავით, საინტერესოა მერე როგორ ვვითარდებით, სწორედ ეს სტრატეგია არის ძალიან მნიშვნელოვანი. „აწარმოე საქართველოს“ მიერ გაცემული მცირე თანხები, იმისთვის რომ ვიღაცამ სასტუმრო გაარემონტოს, ამით ჩვენს ეკონომიკას ვერ ამოვატრიალებთ.

 

-ტურიზმი ახსენეთ და ფიქრობთ თუ არა რომ ის ისევ უნდა დარჩეს პრიორიტეტულ სექტორად?

 

-რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს და ვიცოდეთ რომ ტურიზმის აღდგენას უფრო მეტი დრო დასჭირდეს ვიდრე ამის იმედი გვაქვს, რადგან მსოფლიოში სიტუაცია ძალიან შეიცვალა, ხალხი  მოგზაურობას თავს არიდებს. ამიტომ როგორ აისახება არსებული სიტუაცია მსოფლიოში ტურიზმის სექტორზე ეს წინასწარ არავინ იცის. თუმცა, მე მივესალმები მთავრობის ამ სტრატეგიას, რომ ტურიზმს დიდ ყურადრებას აქცევენ, რადგან ეს სექტორი თუ ამუშავდა, ჩვენ დიდი უპირატესობა გვაქვს და ეს უნდა გამოვიყენოთ. სხვა სექტორების განვითარებას კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა და დრო დასჭირდება, ამიტომ რაც შედარებით განვითარებული გვაქვს იმას უნდა მივხედოთ.

 


-როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება შესთავაზოს საქართველომ ინვესტორებს, რომ კარგად გავყიდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი?

 

-ინვესტორებთან დაკავშირებით ძალიან რთული ვითარებაა. აქ არის მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც ხელს გვიშლის, რომ ინვესტორები მოვიზიდოთ, ამის პრობლემა პანდემიამდეც არსებობდა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დაცემული იყო. აქ არის რამდენიმე ობიექტური პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვერ ვწყვეტთ. ინვესტორი ლოგისტიკური პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, თუ ის წარმოების დაწყებას დააპირებს, ასევე ჩვენ ვერ ვთავაზობთ ინვესტორს კვალიფიციურ მუშახელს, ამიტომ საგანმანათლებლო პროგრამები, განსაკუთრებით ტექნიკური სახის - მოსაგვარებელია, რაც ამ დრომდე ვერ გაკეთდა. ასევე მოსაგვარებელია მიწის საკუთრების საკითხები, რომელიც ვერ გადავწყვიტეთ. ეს ყველაფერი რომ შევკრიბოთ, რა დაგვრჩება ისეთი რომ ინვესტორს შევთავაზოთ? ის ხომ რაღაცით უნდა მოვიზიდოთ. კვალიფიცირებული მუშახელი არ გვყავს, საქართველო პატარა ქვეყანაა და არ არის ინვესტორისთვის საკმარისი ბაზარი, ვერც ექსპორტზე გაიტანს პროდუქციას ლოგისტიკის პრობლემების გამო და ამიტომ გვიჭირს ინვესტორის მოზიდვა. გარდა ამისა, ამ ყველაფერს დაერთო ურთულესი პრობლემა, ჩვენი რეპუტაცია, ასევე გაუმართავი მართლმსაჯულების სისტემა. ინვესტორი პირველ რიგში გადის კონსულტაციას ელჩთან და ეკითხება საქართველოს შესახებ, ძალიან ხშირად არ გვაქვს კარგი შეფასება. ეს სისტემური პრობლემები უნდა გადავჭრათ და რეპუტაცია აღვადგინოთ, რომ ჩვენ გვენდონ. დღეს გვაქვს შესანიშნავი დასკვნები მსოფლიო ბანკისგან, რომ ბიზნესის კეთება მარტივია და ეს მართლა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის დანარჩენი საკითხები რაც ვახსენე ყველაფერს გვიფუჭებს. კიდევ ერთი საკითხი, სახელმწიფო სტრუქტურებში ინვესტორებთან მიმართებაში გადაწყვეტილებების მიღება თვეების მანძილზე არ წყდება, ეს იმიტომ რომ იქ არიან არაკვალიფიციური კადრები და დემოტივირებული ხალხი, გარდა ამისა სახელმწიფო სტრუქტურებში გადაწყვეტილების მიღება ძალიან არაპოპულარული საკითხია, რადგან ამის გამო არავინ არავის შეაქებს, რადგან თვლიან რომ თუ ინვესტორთან მიმართებაში გადაწყვეტილება მიიღეს  ეს კორუფციული სქემაა.

 

-ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ლარი რეგიონში ყველაზე მეტად გაუფასურებული ვალუტაა. პანდემიის გარდა რა პრობლემებს დაუკავშირებთ ამ გაუფასურებას და რამდენად სწორად იქცევა ეროვნული ბანკი?

 

-ეროვნული ბანკის სტრატეგია მართებულია და მათი მუშაობის პრინციპები ტექნიკურად ძალიან რთული საკითხია. ბევრი აკრიტიკებს სებ-ს, მაგრამ ეს თემა პრაქტიკულად არავის ესმის. რასაც ეროვნული ბანკი ქვეყნის საკეთილდღეოდ აკეთებს, ეს სწორია სტრატეგიაა. ვალუტის ასეთი გაუფასურება კი ზუსტად იმის შედეგია რაზეც ზემოთ ვისაუბრე, როცა ვლაპარაკობდი უცხოეთიდან გადმორიცხვების და ტურიზმიდან შემოსავლების დაცემაზე, როდესაც ამ დროს დიდი რაოდენობის გასავლები შევინარჩუნეთ. ეს გარღვევა გაიზარდა და ლარის კურსს დაარტყა. ეროვნულ ბანკს ერთადერთი ინსტრუმენტი გააჩნია, რომ გაყიდოს თავისი სავალუტო რეზერვები, მაგრამ ეს იმდენად ცოტაა, რომ ამ სიტუაციას ვერ გააჩერებს. ეროვნული ბანკი კურსის თარგეთირებას არ აკეთებს, ის მხოლოდ ფასების თარგეთირებაზე ზრუნავს. ყველაზე მნისვნელოვანია, რომ ჩვენს ძირითად პროდუქციაზე გვქონდეს მინიმალური ფასების ზრდა, რომ საშუალო და დაბალი ფენა არ დაზარალდეს. ეს ძირითადი პროდუქცია კი ჩვენ შემოგვაქვს თურქეთიდან, რუსეთიდან და ა.შ. ამიტომ აქ ლაპარაკი არ უნდა იყოს გაცვლით კურსზე დოლართან ან ევროსთან მიმართებაში, არამედ ეფექტურ გაცვლით კურსზე ბევრ ვალუტასთან მიმართებაში. მართალია ფასები პროდუქციაზე გაიზარდა, მაგრამ ეს არის ის მინიმალური ზრდა რისი მიღწევაც ეკონომიკის დაზიანების გარეშე შეიძლებოდა. ეროვნული ბანკი რასაც აკეთებს, ეს კობა გვენეტაძის მოგონილი არ არის, ამაზე მთელი სისტემა მუშაობს, მოდელები აქვთ და სავალუტო ფონდი აკვირდება.

 

-თქვენი აზრით, ეროვნული ბანკი ინფლაციასაც კარგად აკონტროლებს?

 

-­ეროვნულ ბანკს როგორც შეუძლია ისე აკონტროლებს ინფლაციას. შეიძლება ერთიმხრივ ინფლაცია კარგად აკონტროლო, მაგრამ ეკონომიკა დაგენგრეს. ინფლაციას აკონტროლებ ისე, რომ ზედმეტ ფულს არ გასცემ ან ნაკლებს გასცემ, მაგრამ ეს თანხა თუ ძალიან ცოტაა, მაშინ ინვესტიციები აღარ შემოდის და ეკონომიკა ზარალდება. აქ მთელი სისტემაა თუ როგორ უნდა გამოთვალო ის ოპტიმუმი და შესაბამისად დააწესო საპროცენტო განაკვეთი, რომ მეტ-ნაკლებად ინფლაციაც გეჭიროს და ფულის რაოდენობაც ინვესტიციების განსახორციელებლად საკმარისი იყოს.  ვფიქრობ, დღეს ეროვნული ბანკი ამას მეტ-ნაკლებად ახერხებს.

 

­-მნიშვნელოვნად იზრდება ქვეყნის საგარეო ვალი, ექსპერტების დიდი ნაწილი არსებულ სიტუაციაში ამის აუცილებლობას ხედავს, თუმცა, ამბობენ რომ საჭიროა ზუსტად განისაზღვროს რაში დაიხარჯება ეს თანხები. როგორ ფიქრობთ რამდენად საჭიროა 1.5 მლრდ-იანი ვალის აღება და რამდენად შეძლებს საქართველო მის გადახდას?

 

-ეს რა თქმა უნდა დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ განვითარდება საქართველოს ეკონომიკა. ის სისტემური საკითხები თუ არ გადაწყდა, საქართველოს ეკონომიკის განვითარება ვერ იქნება დადებითი ტემპებით და ვალის გადახდაც გაძნელდება. თუ ეკონომიკა განვითარდა, კარგი ტემპები დავიჭირით და ვირუსის პანდემია გადავლახეთ, ასევე 2021 წლიდან ეკონომიკის 5%-ზე მეტი ზრდის შენარჩუნება მოვახერხეთ, მაშინ პრობლემა არ უნდა იყოს. თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს გათვლები გაკეთებულია როგორც ფინანსთა სამინისტროს, ასევე დონორი ორგანიზაციების მიერ, ვინც ეს თანხები მოგვაწოდა. ბოლო-ბოლო სხვა გამოსავალი არც გვქონდა, კარგი არ არის, მაგრამ დღეს ეს აუცილებელია, განსაკუთრებით როცა არსებობს ისეთი დონორი, რომელიც ამ თანხებს გაძლევს.

 

-ანაკლიის კონსორციუმმა მზაობა გამოთქვა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის განახლებაზე, თუმცა მთავრობაში აცხადებენ, რომ არ აქვთ იმის საფუძველი მათ კიდევ ერთხელ ენდონ. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ვითარებაში ანაკლიის პროექტის განხორციელება?

 

-საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლოგისტიკური დერეფნები გაიჭრას, მათ შორის ევროპის მიმართულებით, ამისთვის პირველ ეტაპზე, სანამ ანაკლიის პროექტს მივადგებოდეთ, საჭიროა დავაყენოთ ერთი-ორი საკონტეინერო გემი ფოთში რეგულარულ ხაზზე, რაზეც წლებია საუბარი მიმდინარეობს, მაგრამ ესეც კი ვერ გავაკეთეთ. პირველ რიგში მოსაგვარებელია ლოგისტიკური საკითხები, რადგან საქონელი ვერ შემოგვიტანია და ვერ გაგვიტანია, ამ დროს კი გვინდა რომ პროექტები განვავითაროთ. ვინ განავითარებს იქ წარმოებას სადაც ლოგისტიკური დერეფნები არ არის აწყობილი? გარდა ამისა, პროექტი საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გამავალი ტვირთების სიმცირის გამო არ გამოდგება და ის ასევე არარენტაბელურია, ამიტომ მიმაჩნია, რომ მითუმეტეს ამ სიტუაციაში ანაკლიის პორტის მშენებლობას აზრი არ აქვს, შეიძლება წლების შემდეგ ვიფიქროთ, მაგრამ ახლა არა. ზოგადადაც არ ვარ დარწმუნებული, რომ ანაკლიის პორტის პროექტი საერთოდ საჭიროა, ბოლომდე გააზრებული არ არის. ყველამ იცის რომ ეს არარენტაბელური პროეტია, მთავრობამაც და კონსორციუმმაც, მაგრამ ახლა ეშინიათ რომ თქვან პროექტი არ გამოდგებაო, ამიტომ რაღაცეებს იგონებენ. გამოაცხადებენ ტენდერს და არავინ მიიღებს მონაწილეობას, იტყვიან ვეცადეთ მაგრამ აი არ გამოვიდაო.

 

-სავალუტო ფონდის პროგნოზით, კორონავირუსის გლობალური პანდემია გამოიწვევს „დიდი დეპრესიის“ შემდეგ ყველაზე დიდ ეკონომიკურ კრიზისს. როგორია თქვენი შეფასება, რა სიმძიმის კრიზისთან გვაქვს საქმე?

 

-უკვე ნათელია, რომ მძიმე კრიზისთან გვექნება საქმე და ის უფრო მძიმეა ვიდრე 2008-2009 წლებში იყო. იმდენად მაღალია დღეს გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდება, ძნელია საუბარი და პროგნოზირება კონკრეტულად რას უნდა ველოდოთ, თუმცა ფაქტია რომ მძიმე პერიოდი გველის. ბევრი ქვეყანა ხსნის შეზღუდვებს, მათ შორის საქართველოც, მაგრამ არის სცენარი, რომლის მიხედვითაც ეს ვირუსი ოქტომბერ-ნოემბერში დაბრუნდება. ეს თუ მოხდა, მსოფლიო ეკონომიკისთვის ბევრად უფრო მძიმე დარტყმა იქნება. ერთადერთი მეთოდი, რომ ასეთ საკითხს ებრძოლო, საჭიროა გქონდეს გეგმა. არ ვიცი საქართველოს მთავრობას აქვს თუ არა გეგმა თუ როგორ მოიქცევა პანდემიის სხვადასხვა სცენარით განვითარების შემთხვევაში, თუმცა ეს აუცილებელია. მე კი იმედი მაქვს, რომ ეს არ განმეორდება და უკვე ჩავლილი პრობლემაა.

 

ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up