საბავშვო გასართობი ცენტრი „მინიონები“დახურვის პირასაა. ცენტრი, რომელიც პანდემიამდე სამ ფილიალს მართავდა, ერთ-ერთი მსხვილი ბანკის პროცენტის გადაუხდელობის გამო იძულებული გახდა ერთი ფილიალი საფინანსო ინსტიტუტისთვის დაეთმო.
საბავშვო გასართობი ცენტრებისთვის რეგულაციები და მუშაობის სრულად განახლების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. როგორც „მინიონების“ მარკეტინგის განყოფილებაში განმარტავენ, ამ სფეროში მუმუშავე რამდენიმე კომპანიამ ერთობლივად უკვე მიმართა შესაბამის უწყებებს, თუმცა, მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა და ცენტრები მოლოდინის რეჟიმში, ხოლო ბიზნესი შემოსავლის გარეშეა.
„მარტიდან დავიხურეთ და არ აღგვიდგენია მუშაობა. არანაირი შემოთავაზება სახელმწიფოს მხრიდან არ ყოფილა. აქციებიც გავმართეთ მოთხოვნით, რომ იქნებ მიგვეღო შეღავათი მეიჯარეებისგან ან ბანკისგან, თუმცა რეაქცია ნული. ძალიან დიდ პრობლემებში აღმოვჩნდით, და ჯერჯერობით არაფერი ვიცით მუშაობის განახლების თარიღზე, ველოდებით. 13 ივნისიდან გახსნეს გარე ლოკაციები და იმედი გვაქვს, რომ გარე გამოძახებებს არ დაგვიშლიან, მაგრამ ზუსტად ესეც არ ვიცით.
ბახტრიონზე მდებარე ერთი ფილიალი საბოლოოდ დავკეტეთ იმიტომ, რომ ბანკის პროცენტების გადახდა სამწუხაროდ ვერ შევძელით. პანდემიის დროს, 27 აპრილს მოვიდა ბოლო წერილი, რომ უნდა გადაგვეხადა ან დაგვეცალა შენობა. დაგვაცლევინეს შენობა მთლიანად, ალბათ მალე მეორესაც დავკეტავთ და მესამესაც. ჯამში 100-ამდე ადამიანი გვყავდა დასაქმებული და ახლა არ იციან რა გააკეთონ. ყოველ შემთხვევაში, არანაირი საშეღავათო პერიოდი არ მოგვცა არც სახელმწიფომ, არც ბანკმა და არც მეიჯარემ. მძიმე მდგომარეობაში ვართ, ყველაფერი გაგვინადგურდა და ბანკმა წაიღო,“ - განმარტავს ბავშვთა გასართობი ცენტრი „მინიონების“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი მეგი მექერიშვილი.
ბავშვთა გასართობი ცენტრები, იგივე დაბადების დღის ცენტრები აღჭურვილია სხვადასხვა გასართობი სივრცეებით, სასრიალოებით, ბარიერებითა და ბურთების აუზებით. ამასთან, მათ სერვისებში შედის გამოძახების შემთხვევაში, ანიმატორების მისვლა წვეულების ადგილზე. ცენტრებს ამჟამად არ აქვთ ინფორმაცია გახსნის შემთხვევაშიც კი, რა პრინციპით უნდა გაგრძელდეს მუშაობა ბავშვებთან ყველა აუცილებელი რეგულაციის დაცვით, როგორებიცაა პირბადის ტარება და 2 მეტრის დისტანცია, რომელიც საკმაოდ რთულია კონტაქტური თამაშების დროს.
მარიამ მორგოშია