გართულებული სესხი და მისი ჯაჭვური რეაქცია

გართულებული სესხი და მისი ჯაჭვური რეაქცია

access_time2019-02-16 18:00:18

საბანკო სესხების გაცემის გამკაცრებამ პრობლემები შეუქმნა ყველას - ბანკებს, მომხმარებლებს და ბიზნესს. შემცირდა უძრავი ქონების გაყიდვები, მცირდება საყოფაცხოვრებო და სხვა საქონლის რეალიზებაც.

 

თეა ახალი კომოდის საყიდლად ავეჯის მაღაზია „ბელუქსში“ მივიდა და შეარჩია კიდეც. ერთიანად 1200 ლარი არ ჰქონდა და სესხისთვის თი-ბი-სი ბანკს მიმართა. ბანკისგან 5 - ათასლარიანი საკრედიტო შეთავაზება წინა დღით სმს-ით მიიღო. თუმცა, მოულოდნელად ბანკმა ფულის სესხებაზე უარი უთხრა.

 

„ძალიან გამიკვირდა და ძალიან უსიამოვნო იყო, როცა ბანკისგან უარი მივიღე. მიზეზად რაღაც კალკულაცია დამისახელეს, რომლის მიხედვითაც ჩემი ხელფასი ამ სესხის მომსახურებას ვერ ეყოფოდა. მე თვითონაც ვიცი რამდენის გადახდა შემიძლია ჩემი ხელფასიდან და იმაზე მეტ სესხს არ ავიღებდი ვიდრე გადახდა შემეძლო“,- ამბობს თეა.

 

ბანკმა თეას იპოთეკური სესხზე სხვა მცირე მოცულობის განვადების დამატება სარისკოდ მიიჩნია.

 

განვადებით ფოტოაპარატი ვერ იყიდა ლევანმა. ის უკვე იხდის განვადებით ნაყიდი კომპიუტერისთვის თანხას და ბანკმა მას მეორე სესხის გაცემაზე იგივე მიზეზით უთხრა უარი, რა მიზეზითაც თეას.

 

1 იანვრიდან, მთავრობის შემოღებული რეგულაციების გამო გართულდა როგორც იპოთეკური, ასევე სამომხმარებლო სესხების გაცემა. სესხის გამცემს დაევალა უფრო ყურადღებით შეაფასოს მსესხებლის გადახდისუნარიანობა და ფიზიკურ პირს არ ასესხოს იმაზე მეტი, ვიდრე გადახდას შეძლებს. ყურადღებით მოწმდება თავდებობის საკითხიც. ამ რეგულაციით სახელმწიფო მოსახლეობის ჭარბვალიანობის პრობლემას ებრძვის.

 

 

კომპანია „ბელუქსის“ მარკეტინგის მენეჯერი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რეგულაციების შემოღებიდან ჯერ ცოტა დროა გასული და რაიმე სახის ტენდენციაზე საუბარი რთულია. არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენმა მომხმარებელმა მოითხოვა განვადებით პროდუქტის შეძენა და რამდენმა მიიღო ბანკისგან უარი.

 

ღიად არც საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიების მენეჯერები საუბრობენ გაყიდვებზე. თუმცა, საბანკო პროდუქტების ექსპერტი ანი ალიბეგაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად სტატისტიკის არარსებობისა ტექნიკის მსხვილი რეალიზატორები გაყიდვების ვარდნას უჩივიან.


 

კახეთში ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიაში კონსულტანტმა რადიო თავისუფლებას უთხრა , რომ თუკი 2018 წლის დეკემბერში პროდუქტის განვადებით ყიდვაზე დღეში 20 განაცხადიდან 15 კმაყოფილდებოდა, ახლა დადებით პასუხს მხოლოდ 5 იღებს. შესაბამისად, მათი გაყიდვა მკვეთრად შემცირდა.

 

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ იანვარში, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით თითქმის 50%-ით შემცირდა სამშენებლო კომპანიების გაყიდვები.

 

„ცხადია, რომ ასე არ იქნება სულ, მაგრამ მგონია, რომ გაყიდვები მომავალში 25%-ით მაინც შემცირდება. 25%-ით გაყიდვების შემცირება შეამცირებს მშენებლობას გარკვეული დოზით და ეს გამოიწვევს ფასების გაზრდას“,- ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომელიც ჭარბვალიანობას ებრძვის, არ უნდა შეაფერხოს ჯანსაღი კრედიტების გაცემა.

 

„როცა ჩვენ ვსაუბრობთ ჯანსაღი დაკრედიტების სისტემაზე და იცით, რომ ჩვენ გადავერთეთ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემაზე, ჩვენ მაქსიმალურად კომფორტული პირობები უნდა გვქონდეს შექმნილი კრედიტორსა და მომხმარებელს შორის. ჩვენ შევისწავლით სტატისტიკას, მაგრამ ეს ინფორმაცია ცოტა ნედლია და ის საჭიროებს დეტალურ ანალიზს და დეტალური შესწავლის შემდეგ შეგვეძლება ვიმსჯელოთ ამ საკითხზე“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე.

 

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ფიქრობს, რომ საბანკო რეგულაციები დიდხანს არ უნდა შენარჩუნდეს.

 

“ჩემი პირადი აზრია, რომ ეს არ არის გრძელვადიანი რეგულაცია, რომელიც სამუდამოდ უნდა შევინარჩუნოთ. განვითარების გარკვეულ ეტაპზე, ცნობიერების განვითარების პირობებში, ალბათ შესაძლებელი იქნება ამის შეცვლა,”- უთხრა “ტვ პირველის” გადაცემა “საქმის კურსს” კაკულიამ.

კრედიტების გაცემის შეზღუდვა ბანკებსაც აზარალებს

რადიო თავისუფლებას თი-ბი-სი ბანკში დაუდასტურეს წყაროს ინფორმაცია, რომ სამომხმარებლო სესხების გაცემის შემცირების გამო, უწევთ საკრედიტო ოფიცრების რაოდენობის შემცირება. მსგავსი პრობლემის წინაშე დგანან სხვა ბანკებიც.

 

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის თქმით, იანვარი საანგარიშოდ ცუდი თვეა, ვინაიდან ზოგადად სხვა თვეებისგან განსხვავებით მომხმარებლის აქტივობა დაბალია. მაგრამ, ამის მიუხედავად გარკვეული სურათის დანახვა შესაძლებელია.

 

„წინა წლის იანვართან შედარებით , ასევე მთლიან საშულო მაჩვენებელთან შედარებითაც სესხის დამტკიცების კოეფიციენტიც ძალიან დაბალია და გაცემის რაოდენობაც. ეს აისახა განსაკუთებით იპოთეკურ სესხებთან და სწრაფ პროდუქტებთან ანუ განვადებებთან დაკავშირებით. თუ რა ეფექტი იქონია [სესხების გამკაცრებამ] ზუსტი რიცხვები გვექნება 20 თებერვლისთვის. მაგრამ ფრაგმენტული მონაცემი რაც გვაქვს, სესხის დამტკიცების კოეფიციენტი განახევრებულია. მაგალითად 100 განაცხადიდან ადრე თუ მტკიცდებოდა 40 განაცხადი, ახლა მტკიცდება 20 ან ნაკლები. შემცირებულია სესხზე მოთხოვნაც და შემცირებულია გაცემაც“.

 

სესხების თემა პარლამენტში

იპოთეკური და სამოხმარებლო სესხების გაცემის შეზღუდვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზეც მსჯელობდნენ. ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა დეპუტატმა სერგი კაპანაძემ ეკონომიკის მინისტრს გიორგი ქობულიას ჰკითხა, იცის თუ არა მან, რომ რეგულაციების შემოღების შემდეგ ტექნიკის მაღაზიებს გაყიდვები 15%-ით შეუმცირდათ. ასევე ჰკითხა, თუ რას ურჩევდა ოჯახს, რომელსაც 2000 ლარი აქვს შემოსავალი და ქირით ცხოვრობს, 20 ათასლარიანი ბინის შესაძენად კრედიტის აღებას კი ვეღარ ახერხებს.

 

„ეს რეგულაციები საგრძნობლად დაგეხმარება, რომ მოსახლეობა დავიცვათ გაუაზრებელი კრედიტებისგან“ - უპასუხა დეპუტატს მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

 

„მოსახლეობის გაღარიბებისგან დაცვა“ შესაძლოა ძვირად დაუჯდეს ქვეყანას, მიიჩნევენ სპეციალისტები, რომელთა თქმითაც, გამკაცრებული რეგულაციები გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა ჩრდილოვან გარიგებებსა და რთულად გასაკონტროლებელ ეკონომიკურ გარიგებებში გადაიზარდოს.

რადიო „თავისუფლება“


თეგები:
სესხები



უკრაინის ახალ პრეზიდენტს „ტრამპის ეფექტი“ ელის

უკრაინის ახალ პრეზიდენტს  „ტრამპის ეფექტი“ ელის
access_time2019-04-22 20:00:50
მაშ ასე, უკრაინას  ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კომიკოსი და მსახიობი ვლადიმერ ზელენსკი. მისი დამანგრეველი გამარჯვების მიზეზი გახდა ის, რომ უკრაინული საზოგადოება ნათლად დარწმუნდა იმაში, რომ დღეს არსებული პოლიტიკური სისტემის რეფორმა შეუძლებელია და ის უნდა დაინგრეს. უნდობლობამ მიაღწია ისეთ მაღალ წერტილს, რომ უკვე ძირმომპალი სისტემის დასანგრევად ბულდოზერის როლის შესრულება უკრაინელმა ამომრჩეველმა მიანდო მსახიობს და შოუმენს, რომელიც...

აშშ ირანული ნავთობის იმპორტიორ 5 ქვეყანას შეღავათების გაუქმებით ემუქრება

აშშ ირანული ნავთობის იმპორტიორ 5 ქვეყანას შეღავათების გაუქმებით ემუქრება
access_time2019-04-22 19:00:41
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ირანული ნავთობის იმპორტიორ  5 ქვეყანას აღარ ექნება შეღავათები, თუ ისინი ირანული ნავთობის იმპორტს გააგრძელებენ....

ეროვნული ბანკი საბანკო/საფინანსო მომსახურების ყალბ ვებგვერდებთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი  საბანკო/საფინანსო მომსახურების ყალბ ვებგვერდებთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს
access_time2019-04-22 18:00:34
საქართველოს ეროვნული ბანკი აფრთხილებს და მოუწოდებს მოქალაქეებს ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტ სივრცეში გამოყენებისას   განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ. ბოლო პერიოდში გახშირდა თაღლითების მიერ ყალბი ვებგვერდების საშუალებით ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვის ფაქტები. საუბარია ისეთი მონაცემების მოპოვებაზე, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის ფულად სახსრებზე წვდომის და ინტერნეტ-გადახდების...

დაივიწყეთ - MacBook-ი -Acer-ი ახალ ხაზს უშვებს შემოქმედებითი ადამიანებისთვის

დაივიწყეთ -  MacBook-ი -Acer-ი ახალ ხაზს უშვებს შემოქმედებითი ადამიანებისთვის
access_time2019-04-22 16:30:47
Acer-მა პროდუქტის ხაზები განაახლა გაძლიერებული მოდელებით და რამდენიმე სიახლეც შემოგვთავაზა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სპეციალურად შემოქმედებით სფეროებში მომუშავე ადამიანებისთვის შექმნილი ხაზი - Concept D.Concept D-ს პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები და ეკრანები სპეციალურად მორგებულია გრაფიკული დიზაინერების, ვიდეო-მემონტაჟეების, ინჟინრების, არქიტექტორებისა და პროგრამისტების საჭიროებებს. Concept D-ს ტექნიკა შექმნილია...

კომპანია „ფერის“ დირექტორი - „ცალსახად პასუხიმგებლობას არასამთავრობო ორგანიზაციას ვაკისრებ, „მწვანე ალტერნატივას“ ვგულისხმობ“

კომპანია „ფერის“ დირექტორი - „ცალსახად პასუხიმგებლობას არასამთავრობო ორგანიზაციას ვაკისრებ, „მწვანე ალტერნატივას“ ვგულისხმობ“
access_time2019-04-22 13:55:58
ჩვენ ხეობაში შევედით მხოლოდ საპატრულო პოლიციის სამი მანქანით და რომ არა დამატებითი პოლიციის ნაწილები, რომლებმაც წკიპზე მოუსწრეს, დამერწმუნეთ, გაცილებით ცუდი შედეგებით დასრულდება პროცესი, – ამის შესახებ კომპანია „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა იორდანიშვილმა განაცხადა.მისივე განცხადებით, პანკისის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების დღიდან მოსახლეობა ინფორმირებული იყო და როგორც იორდანიშვილი ამბობს, არავის პროტესტი არ გამოუთქვამს. „მაშინ,...


მსგავსი სიახლეები

up