მცირე და საშუალო ჰიდრო ენერგიის განვითარების აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მარგებაძე, ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით მიმდინარე მედიაციის პროცესს აფასებს.
მისი თქმით, მედიაციის პროცესი საფრთხის წინაშეა, რადგან "რიონის ხეობის მცველები"-ს მხრიდან არ ხდება პროცესზე შეთანხმებული პირობების შესრულება.
გთავაზობთ პოსტს უცვლელად:
"ფასკუნჯების სერია გრძელდება.
ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ გაურკვეველ ჯგუფებს (იმის მცველებს, ამის მცველებს) საერთოდ არ ადარდებთ არც ზუთხები, არც ფოთლები, არც მაჩვები არც ზღარბები, მათ უბრალოდ ეკონომიკის ჩამოშლა და გაჩერება აქვთ მიზნად, ჰესი არ აშენდება მორჩა და გათავდა.
მათ რომ არაფერი აღელვებთ დაამტკიცა ორმა მოვლენამ.
1) 5 ივლისის მოვლენებზე 22 დაკავებულიდან 16 რიონის მცველია. როგორ შეიძლება ამათ ზუთხი ადარდებდეთ, ან საერთოდ კონტრაქტის რაიმე მუხლის წაკითხვა და შინაარსის გამოტანა შეეძლოთ.
2) ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მედიატორობით გამართულ შეხვედრაზე სადაც ყველა მხარე შეთანხმდა კონკრეტული პუნქტების შესრულებაზე, "მცველების" მიერ არ სრულდება.
გახსოვთ ალბათ საუბრები კონტრაქტზე, 30 მეტრიან ტალღაზე, სეისმოლოგიაზე, გეოლოგიზე და თურქეთში გატანილ ელ.ენერგიაზე.
ამ ყველაფერზე, ადეკვატური და კონსტრუქციული საუბრები სწორედ ამ ზემოთ ხსენებულ შეხვადრაზე უნდა განხილულიყო და რა მივიღეთ ოპონენტების მხრიდან? მივიღეთ ის, რომ ეს მედიაციის პროცესი შეიძლება ჩაიშალოს, რატომ?
იმიტომ რომ მცველებს, შეთავაზებული 13 ლოკაციიდან არც ერთი აწყობთ და აგრძელებენ ხეობის ბლოკირებას, იმიტომ რომ მედიაციაზე შეთანხმებული პუნქტების შესრულება, არ სურთ.
იმიტომ რომ სინამდვილეში ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები არ ადარდებთ, და ამ საკითხების წამოჭრა ემსახურებოდა მანიპულაციას და მხოლოდ ადამიანების მობილიზაციისთვის იყო საჭირო.
ყოველთვის შიგნით უფრო მეტი მტერი ყავდა ამ ქვეყანას ვიდრე გარეთ".