დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაციას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ კანონპრორექტი, რომელიც მეორე მოსმენით განიხილეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განმარტებით, ცვლილება შედის იმ მუხლებში რომელიც ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის კოორდინატებს, როშკის ბუნების ძეგლის კოორდინატებს და ასის აღკვეთილის ფართობს განსაზღვრავს, რომელიც მთლიანად ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების სისტემაში მოიაზრება.
„დემარკაციის სამუშაოები KFW და გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა და მთავარი მიზანია დაცული ტერიტორიების საზღვრებიდან გამოვიტანოთ ის ინფრასტრუქტურული ობიექტები, რომლებიც თავისი არსით დაცული ტერიტორიების სისტემას და იქ მოქმედ რეჟიმს არ შეესაბამება, ასევე, კერძო საკუთრებები და კერძო მესაკუთრეთა მიწის ის ნაკვეთები, რომელთაც რეალურად, ეზღუდებათ კერძო საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი დაცული ტერიტორიების საზღვრებშია მოქცეული“, - განაცხადა მომხსენებელმა.
მისი განმარტებით საზღვრების დემარკაცია თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, საველე კვლევების ჩატარებით განხორციელდა და შესაბამისად განისაზღვრა ახალი კოორდინატები.
როგორც ნინო თანდილაშვიოლმა აღნიშნა მთავრობა უახლოეს მომავალში პარლამენტში კიდევ ხუთი დაცული ტერიტორიის დემარკაციის პროექტს წარმოადგენს, რის შემდგომაც დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაცია დასრულდება.
„დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაციის პროცესი „ქართული ოცნების ხელისუფლების დროს დაიწყო და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია ზოგადად, გარემოს დაცვითი, ინფორმაციის შეგროვებისა და ადგილზე განსაზღვრის კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ პირებს, რომელთა კერძო საკუთრება დაცულ ტერიტორიებში იყო მოქცეული, კანონის ამოქმედების შემდგომ, კერძო საკუთრების სრულფასოვანი სარგებლობის უფლება ექნება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.