მერიის მიერ გარე რეკლამების განთავსებაზე 5 ივლისს, ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონით ჯერჯერობით არავინ დაინტერესებულა. თბილისის ქონების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დრომდე 0 ბიჯია დადებული.
მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოპოვება ბიზნეს სუბიექტს მინიმუმ 11 078 188 ლარი დაუჯდება. ერთი ბიჯის ღირებულება კი 553 910 ლარია. ხოლო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საპრივატიზებო საფასური 20 506 478 ლარია, ხოლო ბიჯის ღირებულება 1 025 325 ლარი. აუქციონის დასრულებამდე 22 დღეა დარჩენილი.
ორივე ლოტის შემთხვევაში, აუქციონი ითვალისწინებს გამარჯვებული პირისათვის გარე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური ნებართვის გადაცემას 15 წლის ვადით. ბიზნეს ოპერატორმა აუქციონის სრული საფასური ერთჯერადად უნდა გადაიხადოს, წინასწარი გადახდის გზით, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. რის შემდეგაც თბილისის ბიუჯეტი ჯამში, ერთჯერადად, მინუმუმ 31 584 666 ლარს მიიღებს.
გამარჯვებულ პირს მტკვარის მარჯვენა სანაპიროზე რეკლამის განთავსება 415 ობიექტზე შეეძლება. მათ შორის: 337 ბილბორდზე, 66 ლაითბოქსა და 12 მონიტორზე. გარდა არსებული ობიექტებისა, გამარჯვებული პირი უფლებამოსილია ლოტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე განათავსოს გარე რეკლამის მცირე საშუალებები ერთდროულად არაუმეტეს 470 ერთეულისა.
გამარჯვებულ ბიზნეს სუბიექტს მტკვარის მარცხენა სანაპიროზე რეკლამის განთავსება 220 ობიექტზე შეეძლება. მათ შორის: 190 ბილბორდზე, 8 ლაითბოქსა და 22 ხიდზე. გარდა არსებული ობიექტებისა, გამარჯვებული პირი უფლებამოსილია ლოტით გათვალისწინებული ტერიტორიაზე განათავსოს გარე რეკლამის მცირე საშუალებები ერთდროულად არაუმეტეს 360 ერთეულისა.
შეგახსნებთ, რომ 2009 წელს, აუქციონის საფუძველზე, დედაქალაქში, მტკვარის მარჯვენა სანაპიროზე, გარე რეკლამის განთავსების ნებართვა თბილისის მერიამ „აუთდორ.ჯის“ გადასცა, ხოლო მტკვრის მარცხენა სანაპიროზე – „სმოდ ედვერთაისინგს“.
როგორც ცნობილია, შპს „აუთდორ.ჯი“ 2014 წელს გაიყიდა და მისი მფლობელი „ვისოლ ჯგუფი“-ს შვილობილი კომპანია შპს „ალმა“ გახდა. თბილისში შპს „ალმა“ და „აუთდორ.ჯი“ ბაზრის 70%-ზე მეტს ფლობს. აღსანიშნავია, რომ კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ გასულ წელს გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მომსახურების ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დადგინა, რის გამოც „აუთდორ.ჯი“ 32 358 ლარით დააჯარიმა. გარე სარეკლამო ბაზრის მონოპოლიის პრობლემებზე ბიზნესი წლების განმავლობაში აქტიურად საუბრობდა, შეცვლის თუ არა გარემოს ახალი გადანაწილება, ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ.
ბაჩო ადამია