განვითარების სტრატეგიის არარსებობა, შეუსრულებელი ხელშეკრულებები და გაუმჭვირვალე ხარჯი - როგორ მუშაობს „მთის კურორტების კომპანია“

განვითარების სტრატეგიის არარსებობა, შეუსრულებელი ხელშეკრულებები და გაუმჭვირვალე ხარჯი - როგორ მუშაობს „მთის კურორტების კომპანია“

access_time2021-05-05 10:00:07

კომპანიის განვითარების სტრატეგიის არარსებობა, შეუსრულებელი ხელშეკრულებები, დარღვევებით წარმოებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები, გაუმჭვირვალე ხარჯი, კომპანიის დირექტორის ხელფასის უსაფუძვლო ზრდა და პრემიების გაცემა სათანადო დასაბუთების გარეშე - ეს იმ დარღვევების მცირე ჩამონათვალია, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ აღმოაჩინა. „კომერსანტი“ „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ 2018-2019 წლების საქმიანობის  ნაკლოვანებებს დეტალურად გაგაცნობთ.


როგორც უმაღლესი აუდიტორული ორგანოს მიერ მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ წარმოადგენს სახელმწიფო საწარმოს, რომლის წილის 100%-ის მფლობელი და პარტნიორია სახელმწიფო. ხოლო,  პარტნიორის უფლებამოსილებებს სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს.


ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კომპანიის საქმიანობის მიზნებია სამთო-სათხილამურო კურორტების მოვლა-პატრონობა, ინფრასტრუქტურის მოწყობა და განვითარება, მატერიალურ-ტექნიკური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური, მარკეტინგული და სხვა მიმართულებებით უზრუნველყოფა, კურორტების ტურისტული პოტენციალის ამაღლება და ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა. აუდიტის პერიოდში კომპანია მართავდა ბაკურიანის, გუდაურის, გოდერძის, ჰაწვალის და თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტებს.

 

რაც შეეხება აუდიტის შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებს, პირველი რომელზეც უმაღლესი აუდიტორული ორგანო ყურადღებას ამახვილებს არის ის, რომ კომპანიას განვითარების სტრატეგია არ აქვს. 2018-2019 წლებში კომპანიას არ გააჩნდა პარტნიორთან შეთანხმებული და ოფიციალურად დამტკიცებული სტრატეგიის დოკუმენტი და მის განსახორციელებლად საჭირო სამოქმედო გეგმა.


„კომპანიის დირექტორმა პარტნიორთან შეთანხმებით უნდა უზრუნველყოს ორგანიზაციის მიზნებისა და სამომავლო ამოცანების მიხედვით პრიორიტეტების განსაზღვრა და სტრატეგიული გეგმების შემუშავება. სტრატეგიის განსახორციელებლად მნიშვნელოვანია სამოქმედო გეგმის არსებობა. აუდიტის ჯგუფმა გამოითხოვა კომპანიის სტრატეგიის, მიზნების, ამოცანების ამსახველი დოკუმენტები და 2018-2019 წლების საქმიანობის სამოქმედო გეგმა, თუმცა კომპანიის და სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით არ დასტურდება 2018-2019 წლებში კომპანიის სტრატეგიული განვითარების გეგმის არსებობა. შეუძლებელია აუდიტის პერიოდში კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობის კომპანიის სტრატეგიულ მიზნებთან და ამოცანებთან შესაბამისობის შეფასება, წინასწარ განსაზღვრული შეფასების ინდიკატორების მიხედვით. ამასთანავე, აუდიტის პერიოდში არ დასტურდება კომპანიის სტრატეგიის შემუშავებისთვის ქმედითი აქტივობები“, - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

 

„მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ მიეცა რეკომდენდაცია სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან, სსიპ − ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, შეიმუშაოს და დაამტკიცოს კომპანიის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, სტრატეგიის მიზნების, ამოცანების, მათი შესრულების შეფასების ინდიკატორების და ვადების მითითებით.

 

ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ კომპანიის 2018-2019 წლების ბიზნესგეგმები არ იყო დამტკიცებული კანონმდებლობის და კომპანიის წესდების შესაბამისად, ასევე კომპანიაში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა პარტნიორის მიერ კომპანიის ბიზნესგეგმების შეთანხმების/მოწონების ფაქტს. შესაბამისად, შეუძლებელია აუდიტის პერიოდში კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობის შეფასება პარტნიორთან შეთანხმებული წინასწარ განსაზღვრული შეფასების ინდიკატორების მიხედვით.

 

„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ პარტნიორია სახელმწიფო, რომლის უფლებამოსილებას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია პარტნიორის უფლებამოსილების განხორციელებაა. თუმცა ირკვევა, რომ სააგენტოს მიერ შედგენილი 2018 და 2019 წლების წლიური ანგარიშებიდან არ იკვეთება სახელმწიფოს, როგორც აქტიური პარტნიორის როლი და ანგარიშები არ მოიცავს საკმარის ინფორმაციას, რამდენად, რა მოცულობით და როგორ შეასრულა სააგენტომ სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის უფლება-მოსილებები.

 

მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ არ დასტურდება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული ცალკეული პასუხისმგებლობების შესრულება, მათ შორის, წლიური შედეგების და საწარმოების ბიზნესგეგმების დამტკიცება, ბიზნესგეგმის შესრულების მიმდინარეობის კონტროლი, სააგენტოში წარმოდგენილი ბიზნესგეგმების პროექტების ფინანსური ანალიზი და სხვ. კომპანიის წესდების ფორმულირება, კომპანიის პარტნიორის უფლებამოსილების კონტექსტში, ნაწილობრივ არ შეესაბამება სააგენტოს დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.

 

„აუდიტის შედეგად არ დასტურდება სააგენტოს მიერ იმ უფლებამოსილებების განხორციელება, რაც მათი შინაარსის გათვალისწინებით, როგორც კომპანიის პარტნიორს უნდა განეხორციელებინა 2018-2019 წლებში, მათ შორის, წლიური შედეგების და საწარმოების ბიზნესგეგმების დამტკიცება, ბიზნესგეგმის შესრულების მიმდინარეობის კონტროლი, სააგენტოში წარმოდგენილი ბიზნესგეგმების პროექტების ფინანსური ანალიზი და სხვა“, წერია დოკუმენტში.


აუდიტის სამსხურის მიერ გაცემული რეკომენდაციით, „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ და სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უნდა უზრუნველყონ კომპანიის წესდების შინაარსის განახლება და მისი მიღებისთვის აუცილებელი პროცედურების ჩატარება.

 

აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ სააგენტო საკუთარ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, რიგ შემთხვევებში თავს იკავებს კონკრეტული პოზიციის დაფიქსირებისგან ან თანხმობის გაცემისაგან.

 

„ცალკეული საკითხი, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვადასხვა საფუძვლის გათვალისწინებით, მოითხოვდა სააგენტოსთან შეთანხმებას, თუმცა მათთან დაკავშირებით სააგენტოს პასუხები/წერილებზე თავისი შინაარსით არ წარმოადგენს რაიმე ტიპის გადაწყვეტილებას − თანხმობას ან უარს, ან ერთმნიშვნელოვან პოზიციას პარტნიორის უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კომპანიის ზოგიერთ მიმართვაზე სააგენტომ არასრულფასოვნად განახორციელა სახელმწიფო საწარმოს პარტნიორისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებები“.

 

ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ 2018-2019 წლებში კომპანიამ 28.4 მლნ ლარის ოდენობის საოპერაციო შემოსავალი მიიღო. საბაგიროებით სარგებლობისთვის. ბილეთების/აბონემენტების რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავლებმა მთლიანი შემოსავლების 94 % შეადგინა.

 

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში ნაკლოვანებები ფასწარმოქმნის კუთხითაც არის. მათი ინფომრაციით კომპანიაში არ არის დადგენილი ფასწარმოქმნის პრინციპები, ვერ იქნა წარმოდგენილი დამტკიცებული ფასების გაანგარიშებები, აგრეთვე ფასებში ცვლილებების შეტანის საფუძვლები. მიღებული განმარტებით, ღირებულებების განსაზღვრისას მეტი პრიორიტეტი ენიჭება სოციალურ ფაქტორებს, ვიდრე მოგებაზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს. ამასთანავე, ვერ იქნა წარმოდგენილი სოციალური ფაქტორების განმსაზღვრელი პრინციპები. აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა დამტკიცებული ფასების გამოყენების სისწორე. ბაკურიანსა და სვანეთის კურორტებზე (ჰაწვალი, თეთნულდი) გამოვლინდა ბილეთების/აბონემენტების დამტკიცებულზე მაღალ ფასად რეალიზების შემთხვევები. ფასთა სხვაობამ ჯამში შეადგინა 14,610 ლარი. კომპანიის პასუხისმგებელი პირების განმარტებით, აღნიშნული ფაქტი გამოწვეული იყო ტექნიკური მიზეზებით.

 

„კომპანიაში არ არსებობს მომსახურების ფასების გაანგარიშების პოლიტიკა და მეთოდოლოგია, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა სოციალური, ეკონომიკური და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები. ამასთანავე, ინფორმაციის მიწოდებაზე სათანადო კონტროლის მექანიზმების არარსებობის გამო, გამოვლინდა, რომ რიგ შემთხვევებში ბილეთები რეალიზებული იყო დადგენილი ტარიფებისგან განსხვავებული ფასებით. კომპანიაში ფასების გაანგარიშების პოლიტიკისა და მეთოდოლოგიის არარსებობა შესაძლოა უარყოფითად აისახოს კომპანიის შემოსავლების ფორმირებასა და ფინანსურ შედეგებზე“, - ნათქვამია ანგარიშში.

 

უწყებას მიეცა რეკომენდაცია, რომ კომპანიის შემოსავლების ეფექტიანი მართვისათვის, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ შეიმუშაოს კონკრეტულ კრიტერიუმებზე დაფუძნებული ფასწარმოქმნის პოლიტიკა და მეთოდოლოგია, სადაც სოციალურ მიზნებთან ერთად გათვალისწინებული იქნება ასევე კომპანიის ეკონომიკური მიზნები.

 


აუდიტის ჯგუფმა ასევე შეისწავლა 2018-2019 წლებისა და 2019-2020 წლების სამთო-სათხილამურო სეზონებზე საბაგიროს აბონემენტების ორგანიზაციებზე უფასო გადაცემის ფაქტების შესაბამისობა კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან. მათი ინფორმაციით, აღნიშნული სეზონებისთვის სხვადასხვა დაწესებულებაზე უფასოდ გადაცემულია 1,670,374 ლარის ღირებულების 3,813 აბონემენტი.

 

„აბონემენტების უფასოდ ან/და შეღავათიანი ფასით გაცემის შესახებ კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესები არის ზოგადი და იძლევა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. ამასთანავე, გადაწყვეტილებებში არ ფიქსირდება უფასოდ გასაცემი აბონემენტების რაოდენობა. აღნიშნული რაოდენობები დგინდება ჩუქების ხელშეკრულებების ხელმომწერი პირების მიერ. ზოგ შემთხვევაში ჩუქების ხელშეკრულებები არ არის გაფორმებული და გაურკვეველია გადასაცემი აბონემენტების რაოდენობის დამდგენ პირთა ვინაობა. რიგ შემთხვევებში უფასოდ გადაცემულ სახელობით აბონემენტებზე არ ფიქსირდება მფლობელის ვინაობა, რაც ართულებს მათი გამოყენების კონტროლს და წარმოშობს აბონემენტების არაუფლებამოსილი პირების მიერ გამოყენების რისკს. აბონემენტების უფასოდ გაცემის პროცესი არ არის გამჭვირვალე, რაც შეიძლება უარყოფითად აისახოს კომპანიის შემოსავლებზე“,- ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

 

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია დადგენილ ვადებში შეუსრულებელ ხელშეკრულებებზეც. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე დროულად არ განახორციელა რეაგირება და ოთხნხელშეკრულებაში არ შეიტანა ცვლილებები სათანადო დასაბუთებით, შესყიდვების სააგენტოსთან და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით,


ხოლო ერთ შემთხვევაში ვადის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო შესყიდვების სააგენტოსთან და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების გარეშე, ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვიდან 148 დღის შემდეგ.

 

პრობლემები აღმოჩენილი იყო სარეკონსტრუქციო სამუშაოების კუთხითაც:

 

„კომპანიამ შინოს საბაგიროს ფარეხის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვისა და მშენებლობის პროექტის სავალდებულო ექსპერტიზის გარეშე. დარღვევებით წარმოებული მშენებლობა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან სამ თვეში გახდა ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი, რის გამოც კომპანიას მოუხდა განმეორებითი შესყიდვების განხორციელება დაზიანებული შენობის რეკონსტრუქციის მიზნით. კომპანიამ თავდაპირველი მშენებლობისა და შემდგომი რეკონსტრუქციის სამუშაოები აწარმოა წინასწარი სამშენებლო ნებართვებისა და მშენებლობის წარმოების ეტაპების სავალდებულო საექსპერტო შეფასებების გარეშე, რითაც შექმნა განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობის (V კლასის) სათანადო ფუნქციონირებასთან დაკავშირებული რისკები“, - ვკითხულობთ დასკვანში.

 

2018 წელს კომპანიამ გამარტივებული წესით, 78 821,382 ლარად შეისყიდა შპს „ელექტრიკალ სერვის გროუპისგან“ გუდაურში ახალი საბაგიროების ელექტრო მომარაგებისათვის საჭირო, ასევე არსებული ქსელის აღდგენის ელექტრო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები. ირკვევა, რომ  „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა პროექტისგან განსხვავებით შესრულებულ სამუშაოებზე, პროექტში შესაბამისი ცვლილების განხორციელების გარეშე. აღნიშნული ქმნის სამუშაოების მიღების რისკს, რომელმაც შესაძლოა ვერ დააკმაყოფილოს შემსყიდველის რეალური საჭიროებები.

 

ასევე 2018-2019 წლებში „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ 12 ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული 158,702,266 ლარის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები აწარმოა წინასწარი სამშენებლო ნებართვების გარეშე.

 

„კომპანიის მიერ განსახორციელებელი რთული და სპეციფიკური სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე, ასეთი სამუშაოების უნებართვოდ წარმოებამ, შესაძლებელია მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს სხვადასხვა მიმართულებით (გარემოზე ზემოქმედება, მოსახლეობის უსაფრთხოება, არსებული ინფრასტრუქტურის შესაძლო დაზიანება და ა.შ.).“,- ნათქვამია დოკუმენტში.


ამავე დოკუმენტის მიხედვით, 2018-2019 წლებში სამშენებლო და სანებართვო პირობების დარღვევისთვის კომპანიაზე დაკისრებული მნიშვნელოვანი მოცულობის ჯარიმები მიუთითებს, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული დაჯარიმების საფუძვლების აღმოფხვრა კომპანიისათვის არ არის პრიორიტეტული, მიუხედავად ასეთ სამუშაოებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკებისა.

 

„მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ 2018-2019 წლებში ძირითადი აქტივების ინვენტარიზაცია არ ჩაუტარებია, შესაბამისად, აუდიტმა ვერ მოიპოვა რწმუნება ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებების სისრულის და არსებობის შესახებ. ამასთანავე, მათი თქმით, ინვენტარიზაციის ჩაუტარებლობა ზრდის კომპანიის ქონების დანაკარგების რისკს.

 

აღსანიშნავია, რომ კომპანიის საკუთრებად არ არის რეგისტრირებული ბალანსზე რიცხული 19 მიწის ნაკვეთი, ასევე დაურეგისტრირებელია ბალანსზე რიცხული 16 შენობანაგებობა და არ აქვს მინიჭებული საკადასტრო კოდი. სასრიალო გზების უმეტესობა არ არის ბალანსზე აღრიცხული და კომპანიის საკუთრებად რეგისტრირებული.

 

2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის მოთხოვნები შეადგენდა 29,638,760 ლარს. კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციიდან და განმარტებებიდან დგინდება, რომ 2018-2019 წლებში მოთხოვნების ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა და სათანადო მოვალეთა რეესტრი არ შემუშავებულა. ამასთანავე, 25 დებიტორის მიმართ მოთხოვნების ოდენობა 2018-2019 წლებში უცვლელია და ჯამში შეადგენს 60,312 ლარს. კომპანიამ აუდიტის ჯგუფს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულებები უმოძრაო დებიტორული დავალიანებების შესამცირებლად გატარებული ღონისძიებების შესახებ.

 

„კომპანიას 2018-2019 სამეურნეო წლების ბოლოს არ ჩაუტარებია მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია. აქედან გამომდინარე, აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო რწმუნება დებიტორული დავალიანებების არსებობის, სისრულის და სიზუსტის შესახებ. კომპანიის მიერ სათანადოდ არ იყო გამოყენებული 25 დებიტორის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში თანხის მოთხოვნის უფლება, რაც ამცირებს მათი მიღების შესაძლებლობას“,- ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

 

2018 წლის ბოლოს კომპანიაში დასაქმებული იყო 440 თანამშრომელი, 2019 წლის ბოლოს − 601. კომპანიის მიერ 2018-2019 წლებში შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები 16,331,387 ლარს შეადგენს.


სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით კომპანიის დირექტორის შრომის ანაზღაურება 2,900 ლარის ოდენობით განისაზღვრა. კომპანიის დირექტორმა ბრძანებით საკუთარი შრომის ანაზღაურება 7,500 ლარამდე გაზარდა.

 

„არაუფლებამოსილი პირის მიერ შრომის ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებული ბრძანების გამოცემით დაირღვა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, რის შედეგადაც 2016 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ნოემბრამდე კომპანიის ყოფილი დირექტორის ანაზღაურება უსაფუძვლოდ გაიზარდა ჯამში − 109,021 ლარის ოდენობით“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

 

დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ კომპანიაში პრემიები გაცემულია მოქმედი პრემირების წესისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დარღვევით. კერძოდ, არ არის წარმოდგენილი პრემირების სათანადო დასაბუთებები. ამასთანავე, კომპანიის დირექტორების პრემირების ბრძანებები გამოცემულია არაუფლებამოსილი პირების მიერ, სააგენტოს გადაწყვეტილების გარეშე. შედეგად, პრემიები გაცემულია გაუმჭვირვალედ და დაუსაბუთებლად.

 

2018-2019 წლებში პრემირებასთან დაკავშირებული ბრძანებები ძირითადად მომზადებულია მოხსენებითი ბარათების საფუძველზე, სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო და წარმატებული შესრულებისთვის. სხვა სახის კონკრეტული დასაბუთება კომპანიამ ვერ წარმოადგინა, ზოგიერთ შემთხვევაში აღნიშნული მოხსენებითი ბარათებიც კი არ არის წარმოდგენილი. კერძოდ, შერჩეული 24 ბრძანებიდან, კომპანიამ მხოლოდ 16 შემთხვევაში წარმოადგინა მოხსენებითი ბარათი, თუმცა სათანადო დასაბუთების გარეშე. აქედან რამდენიმე შემთხვევაში, დოკუმენტური დადასტურების გარეშეა მითითებული ზეგანაკვეთური სამუშაოები. 2018-2019 წლებში პრემიები გაცემულია ასევე კომპანიის დირექტორებზე, სააგენტოს გადაწყვეტილების გარეშე, კომპანიის დირექტორის და დირექტორის მოადგილის ბრძანებების საფუძველზე, 7-ჯერ, ჯამში − 43,875 ლარი.

 

კომპანიაში სათანადო დასაბუთების საფუძველზე არც დანამატები გაიცემა, რაც დასკვნის მიხედვით, შესაძლოა უსაფუძვლოდ ზრდიდეს კომპანიის ხარჯებს და ხელს უწყობდეს კომპანიის სახსრების გაუმჭვირვალე და არაეკონომიურ განკარგვას.

 

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საგადასახადო შეღავათი გავრცელებულია საგადასახადო კოდექსის მოთხოვნის შეუსაბამოდ. 23,903 ლარი გაცემულია დაბეგვრის გარეშე. აღნიშნული თანხის საშემოსავლო გადასახადი ექვემდებარება ბიუჯეტში გადარიცხვას.

 

კომპანიამ ბაზრის კვლევის გარეშე მიმწოდებელთან 122,581 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, სადაც არ იყო განსაზღვრული რამდენიმე მნიშვნელოვანი მომსახურების დეტალური სპეციფიკაცია. შესაბამისად, კომპანია მომსახურების მიღება-ჩაბარების ეტაპზე მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა მიღებული მომსახურების სისრულესა და ხარისხზე. აღნიშნული გარემოებების გამო, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ასევე ვერ შეძლო მოეპოვებინა მტკიცებულებები გაწეული ხარჯების ეკონომიურობასთან დაკავშირებით.

 

2018-2019 წლებში კომპანიის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებზე უფასოდ გადაცემული აბონემენტების თანხობრივმა მოცულობამ 133,000 ლარი შეადგინა. ამასთანავე, VIP მომხმარებლებზე უფასოდ გადაცემული აბონემენტების ღირებულების ჯამმა 128,000 ლარი იყო. კომპანიამ ვერ წარმოადგინა დოკუმენტის სახით შექმნილი აბონემენტებით უფასოდ მოსარგებლე პირთა სრული სია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა თანამშრომელთა ოჯახის წევრების და VIP მომხმარებლების იდენტიფიცირება და გაწეული ხარჯების მიზნობრიობის დადგენა. დასკვნის მიხედვით მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების გარეშე უფასოდ გადაცემული აბონემენტების ღირებულების ხარჯებად აღიარება ეწინააღმდეგება კომპანიის შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებებს, ხარჯები გაუმჭვირვალეა და არ იძლევა მათი საჭიროებისა და მიზნობრიობის დადგენის შესაძლებლობას.


სახსრების ეკონომიურად და გამჭვირვალედ განკარგვის მიზნით, აუდიტმა გასცა რეკომენდაცია, რომ დადგენილი წესით აბონენემენტების უფასოდ გაცემის შემთხვევაში, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ დანერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს განისაზღვროს შესაბამისი ხარჯების მიზნობრიობა და საჭიროება.


ირკვევა, რომ კომპანიის სალაროს დებულებაში არ არის განსაზღვრული სალაროებში დღის ბოლოს არსებული ნაღდი ფულის ნაშთის ლიმიტები, რაც მათი თქმით, წარმოქმნის თანხების არასანქცირებული გამოყენების და დაუცველობის რისკებს.

 

„აუდიტის პერიოდში კომპანიას არ გააჩნდა სალაროს დებულება. კურორტების სალაროებისათვის არ იყო განსაზღვრული ნაღდი ფულის ნაშთის ლიმიტი. სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის ლიმიტის არარსებობის პირობებში, საბანკო დაწესებულებაში ინკასაციას დაქვემდებარებული თანხის მოცულობა განისაზღვრება მოლარის ან მისი ზემდგომის პირადი გადაწყვეტილებით, რაც წარმოქმნის თანხების არასანქცირებული გამოყენების და დაუცველობის რისკებს.

აღსანიშნავია, რომ აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში კომპანიამ შეიმუშავა სალაროს დებულება, 128 თუმცა მასში არ არის განსაზღვრული ცალკეულ სალაროში დღის ბოლოს ნაშთების ლიმიტები“,  - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კომპანიაში საწვავის ლიმიტების დადგენის შესახებ დირექტორის ბრძანებები შედგენილი იყო არასრულად და ხარვეზებით. ცალკეულ შემთხვევაში ლიმიტები განსაზღვრული იყო კომპანიის რეალურ საჭიროებებზე ნაკლები ოდენობით. ასევე, კომპანიაში დანერგილი კონტროლის მექანიზმების სისუსტის გამო, საწვავის დადგენილი ლიმიტის გარეშე ხარჯვა არ არის დასაბუთებული და იძლევა არამიზნობრივად გამოყენების საშუალებას.

 

„აუდიტის შედეგად გამოვლინდა ლიმიტთან დაკავშირებულ ბრძანებებთან შეუსაბამო საწვავის ხარჯვის შემდეგი ფაქტები:


1. ავტომანქანებსა და სპეცტექნიკაზე133 ლიმიტის გადაჭარბებით ხარჯვის ჯამურმა მოცულობამ 2018 წელს 19,709 ლიტრი შეადგინა, ხოლო 2019 წელს − 22,288 ლიტრი.


2. საწვავი გახარჯულია კომპანიის სარგებლობაში არსებულ ისეთ ავტოსატრანსპორტო საშუალებებსა და სპეცტექნიკაზე, რომლებზეც ბრძანებით არ იყო დაშვებული საწვავის ლიმიტი. ასეთ საშუალებებზე 2018 წელს გაიხარჯა 7,663 ლიტრი საწვავი, ხოლო 2019 წელს − 27,740 ლიტრი“, - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up