თბილისის ზოოპარკმა დამთვალიერებლების მიღება საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან მეორე დღესვე განაახლა. ზოოპარკის ღია სივრცეში გათვალისწინებული რეგულაციები, ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის თქმით, მარტივად სრულდება. თუმცა, დახურულია ეგზოტარიუმი(სადაც განთავსებულია ქვეწარმავლები და წყლის ბინადრები), რადგან აქ კონდიცირების ჩართვა აკრძალულია.
როგორც ცნობილია, 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ თბილისის ზოოპარკი ეტაპობრივად ცდილობს ახალი ბინა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე დაიდოს, როგორც ზურაბ გურიელიძე განმარტავს ცხოველების ნაწილი უკვე გადაყვანილია და ამჟამად გრანდიოზული ავიარიუმი შენდება დიდი, ლეშიჭამია ფრინველებისთვის. პანდემიიდან და რესურსების არასაკმარისობიდან გამომდინარე, თბილისის ზოოპარკმა მისამართის შეცვლა წელსაც ვერ მოასწრო.
„რეგულაციები რაც არის ღია სივრცისთვის, ვიცავთ, თუმცა ეგზოტარიუმი დახურულია ,რადგან კონდიციონერს ვერ გავთიშავთ ვერნაირად იმიტომ, რომ ცხოველები დაგვეხოცება. ხალხიც ასე თუ ისე აქტიურად სტუმრობს, მაგრამ პანდემიამ გავლენა იქონია ყველაფერზე.
არსებული ბიჯეტის ფარგლებში მიმდინარეობს ახალი ზოოპარკის მშენებლობა თბილისის ზღვაზე. ნაწილობრივ გადასულები ვართ სამი წელია. ჩვენს ხელთ არსებული შემოსავლების ფარგლებში მივიწევთ წინ, მაგრამ დამატებითი დაფინანასება საჭიროა, ამიტომ გამიჭირდება იმის თქმა, თუ როდის დასრულდება მშენებლობის პროცესი. საერთოდ ზოოპარკის მშენებლობა არასდროს არ უნდა დასრულდეს, სულ უნდა განახლდეს და განვითარდეს. ვეცდებით რომ ძალიან მალე გავხსნათ ახალი ზოოპარკი. ახლა ვაშენებთ ავიარიუმს, რომელიც გრანდიოზული ნაგებობა იქნება დიდი ლეშიჭამია ფრინველებსთვის. იქნება ბევრი სიურპრიზი - გვინდოდა ეს ყველაფერი წელს მოგვესწრო, მაგრამ პანდემიამ პროცესები შეაჩერა სამი თვით. დამატებითი დაფინანსებაც არ მიგვიღია, თუმცა ამის საჭიროება ნამდვილად არის,“ -განმარტავს ზურაბ გურიელიძე.
როგორც ზოოპარკის დირექტორმა აღნიშნა, სექტემბერში თბილისის ზოოპარკს კიდევ დაემატება ცხოველები, ხოლო დეკემბერში თბილისში ევროპული ბიზონი - დომბა გადმოსახლდა. თბილისის ზოოპარკი ფაუნის გამრავალფეროვნების კუთხით არაერთ სიახლეს პირდება დამთვალიერებელს.
მარიამ მორგოშია